საქართველოში სპორტული ავტომობილების გადაადგილება გზებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალა. გამკაცრებული მიდგომა ძალაში 15 ნოემბრიდან შევიდა.
როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში აცხადებენ, წესები მხოლოდ სარბოლე ავტომობილებს ეხება. მსგავსი გადაწყვეტილების მიზანი კი ის არის, რომ სპორტული შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ქალაქში არ მოხვდნენ.
გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ საჭირო გახდება მსგავსი ავტომობილის შესაკეთებლად გადაადგილება, ვარჯიშის ან შეჯიბრზე მონაწილეობის მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ფედერაციამ სამი დღით ადრე უნდა აცნობოს შსს-ს, რის შემდეგაც სპეციალური ნებართვა გაიცემა.
„ეს არ ეხება სხვა ავტომობილებს, მაგალითად ვიღაცამ ჩამოიყვანა და თვითნებურად გადააკეთა. უშუალოდ სპორტში არის კონკრეტული ვალდებულებები, უნდა აიღო შესაბამისი ტექნიკური საბუთები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს კოორდინაცია, რომ 3 დღით ადრე ვაცნობოთ, რომელი მანქანები გადაადგილდებიან შეჯიბრისთვის”, – აცხადებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, სანდრო ლომაძე “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში აცხადებენ, რომ აქამდე მათთვის ტექინსპექტირება სავალდებულო არ იყო, თუმცა გამკაცრებული მოთხოვნების ფონზე, ახლა სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვისაც სავალდებულო გახდება ტექნიკური შემოწმება. ქვეყანაში დაახლოებით 150-მდე მსგავსი სპორტული მანქანაა რეგისტრირებული.