LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სრულიად მოულოდნელად შეხტა მაგიდაზე და სწორედ იქ შეასრულა ცეკვა” – ნანა ჯანელიძე კახი კავსაძესთან გადაღებებს იხსენებს

86
janelidzekavsadze

27 აპრილს თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM”, რომელიც კახი კავსაძის ხსოვნას მიეძღვნა, არაჩვეულებრივი მსახიობი რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გაიხსენა.

ბატონი კახი მართლაც ბრწყინვალე მსახიობი იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფიით. მართალია, მისი ყველა კინო თუ თეატრალური პერსონაჟი საოცრად თვითმყოფადი, ძალიან საყვარელი და ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, ბევრად მეტ ფილმსა და დადგმაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რადგან ამოუწურავი იყო მისი შესაძლებლობები. კინოში მის კომიკურ ხასიათზე, პლასტიკასა და ექსცენტრიულობაზე გაკეთდა აქცენტი, მაშინ როცა, თავისუფლად შეეძლო დრამატული, თუნდაც ტრაგიკული როლების შესრულება. ბატონი კახი არა მხოლოდ უდიდესი მსახიობი იყო, რომელსაც სრულიად გააზრებულად მიჰქონდა მაყურებლამდე სიხარული, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნება და საოცრად კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული.

მახსოვს, ფილმზე მუშაობისას, ძალიან მინდოდა, რომ ეცეკვა, თუმცა ნამდვილად ვერ შევბედავდი რეპეტიციის გავლას, მით უფრო, ახალი გაკეთებული ჰქონდა გულის ოპერაცია და არ მინდოდა ზედმეტად გადაღლილიყო, მაგრამ კახი სწორედ იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც ყველა ეპიზოდში თავდაუზოგავად, ბოლომდე იხარჯებოდა. ჩვენი სცენის გადაღების დროსაც, სრულიად მოულოდნელად შეხტა მაგიდაზე და სწორედ იქ შეასრულა ცეკვა. ძალიან შემეშინდა მაგიდა არ ჩანგრეოდა და ერთი დუბლით გადავწყვიტე სცენის დასრულება, თუმცა თვითონ აღმოჩნდა უარზე და მართალია, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაგრამ ისევ მაგიდაზე შეხტა და თავიდან შეასრულა მთელი ცეკვა. მართლაც საოცარი ტრაგიკომიკოსი იყო, რადგან ერთბაშად გრძნობდა ყველაფერს – ტრაგიკულსაც და კომიკურსაც, მერე კი, ყველაფერს საოცარი იუმორით ფუთავდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები