LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლი – რჩევები სტამბოლში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

იდუმალი და დიდებული, ხმაურიანი და ზღაპრული: სტამბოლი – ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თანამედროვე დასავლეთს შორის. მდიდარი ისტორიის განმავლობაში მან რამდენიმე სახელი გამოიცვალა და ოთხი იმპერიის დედაქალაქი იყო.

თურქეთის ყოფილი დედაქალაქი, მისი მთავარი კულტურული, სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი გეოგრაფიულადაც ორ ნახევრად არის დაყოფილი. ის მდებარეობს ბოსფორის სრუტის ორ ნაპირზე, ესე იგი ერთბაშად ორ კონტინენტზე. ევროპული ნაწილი პირობითად დაყოფილია ზღვის უბეთი – ოქროს რქა: ძველმა ქალაქმა სახელგანთქმული ღირსშესანიშნაობებით დიდწილად შეინარჩუნა შუასაუკუნეების იერი, ხოლო ახალში თავმოყრილია საქმიანი და სავაჭრო ცხოვრება. აზიური ნაწილი ტურისტებში ნაკლებად არის პოპულარული, თუმცა სწორედ აქ შეიძლება ადგილობრივების ტრადიციებისა და ყოფის შესწავლა.

 

სტამბოლის რაიონები

დიდი სტამბოლის საქალაქო აგლომერაცია 39 ადმინისტრაციულ ოლქს მოიცავს, თითოეული მათგანი რამდენიმე კვარტლად იყოფა.

ფათიჰი – ცენტრალური ნაწილის მთავარი რაიონია, ერთ-ერთი ყველაზე ორთოდოქსალური და კონსერვატიული. პოპულარულია კვარტალი სულთანაჰმეთი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ასევე სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი, ძველი იპოდრომი და ათეულობით სხვა ისტორიული ძეგლი.

კვარტალი ემინენიუ ერთ-ერთი უძველესია, ცნობილია მუზეუმებით, მეჩეთებით და კოლორიტული ბაზრებით, მათ შორისაა ლეგენდარული სანელებლების ბაზარი.

ბეიოღლუ – ეს ახალი ქალაქია, თანამედროვე სტამბოლის კულტურული, კომერციული და გასართობი ცენტრი. აქ მდებარეობს ქარაქეის, გალათასარაისა და ტაქსიმის კვარტლები – საუკეთესო მაღაზიების, სამხატვრო გალერეების, ანტიკვარული დახლებისა და ყავახანების თავშეყრის ადგილი გახლავთ. ეს მრავალნაციონალური რაიონია. მისი ცენტრია ტაქსიმის მოედანი, ბევრი ავტობუსისა და მეტროს ერთ-ერთი ხაზის  ბოლო გაჩერება. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დამოუკიდებლობის მონუმენტი და ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრი.

გალათასარაი – ძველი კვარტალია, ჯერ კიდევ ბიზანტიის ეპოქაშია დაარსებული. აქ ბევრი ძველი ნაგებობაა შემონახული, მათ შორის ყველაზე ცნობილია გალათას კოშკი.

ქარაქეის კვარტლის სიამაყეა თევზის რესტორნები ახალი ზღვის პროდუქტებით. იქვე თევზის ბაზარიც.

სტამბოლის კიდევ ერთი ცნობილი რაიონია პრესტიჟული ბეშიქთაში, რომელიც ბოსფორის ევროპულ სანაპიროზეა. აქ მდებარეობს ორტაკეის ნავმისადგომი, სინანას მეჩეთი, ილდიზისა (10 ლირა) და დოლმაბაჰჩეს სასახლეები, ბარბაროსის მოედანი. ბეშიქთაშშია ბევრი სასტუმრო, უმრავლესობა საკმაოდ ძვირადღირებული.

ქადიქეი – აზიური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი რაიონი, გართობისა და შოპინგისთვის იდეალური ადგილია. მდიდრული სავაჭრო ცენტრები, კლუბები და რესტორნები შეძლებული ხალხისთვის ნამდვილი მექაა.

 

 

სტამბოლის ტრანსპორტი

ავტობუსები

ყველაზე გავრცელებული, მაგრამ მოუხერხებელიც. ჩვეულებრივ მუდმივად სავსეა, პიკის საათებში კი ხალხი ლამის გარეთ კიდია. რომ გაიგოთ სად და როგორ მიდის ავტობუსი, ქალაქი კარგად უნდა იცოდეთ. ავტობუსი ორი სახისაა: მუნიციპალური – წითელი და იშვიათად მწვანე ფერის, და კერძო – ცისფერი და იშვიათად ფორთოხლისფერი, ესენი უფრო ახლები და კომფორტულია. ფასი ერთი და იგივეა – დაახლოებით 1,5 ლირა, მაგრამ განსხვავებულად უნდა გადაიხადოთ. მუნიციპალური ავტობუსის ბილეთი იყიდება ბოლო გაჩერებების ჯიხურებში წარწერით Otobus bilet ან Bilet giseci. თუ ჯიხური ახლო-მახლო არ არის, ქუჩის მოვაჭრეებთან შეგიძლიათ შეიძინოთ, ოღონდ 30%-ით ძვირად. კერძოებში ბილეთი არ არის, კონდუქტორს უხდით. ავტობუსს ხელით უნდა დაუქნიოთ.

 

დოლმუში
სამარშრუტო ტაქსი (dolmus) ავტობუსზე მოსახერხებელია. ისინიც ორი სახისაა: ყვითლები მოკლე მანძილზე მუშაობენ, ჩალისფერით კი ძველი ქალაქის ისეთ რაიონებში მიხვალთ, სადაც ტრამვაი არ დადის. გადახდა მანძილის მიხედვითაა. ფასის დაზუსტება მძღოლთანაც შეიძლება, ისე დაახლოებით 2-დან 2.5 ლირამდეა. დადიან 6:00-დან 23:00 სთ-მდე.

 

მეტრო
სტამბოლში 5 მიწისქვეშა ხაზია. წითელი შტო M1 („მსუბუქი მეტრო“ ან Hafif Metro) ათათურქის აეროპორტს ფათიჰის ოლქს აკავშირებს; მწვანე M2 გადის ბეიოღლუსა და სარიერის რაიონებს შორის. ცისფერი განშტოება M3 კირაზლიდან ბაშაქშეჰირამდეა; ვარდისფერი M4 აზიურ ნაწილშია და ქადიქეისა და ქართალს აკავშირებს. ყავისფერი შტო M6 2015 წელს გაიხსნა და ლევენტსა და რუმელი ხუსარუსტუს აერთებს.
მგზავრობის ღირებულება 4 ლირაა, მეტრო 6:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს.

 

ფუნიკულიორი
სტამბოლში მოქმედებს უძველესი ფუნიკულიორი ტუნელი (Tunel) – ჯუჯა მეტრო, რომელიც 1875 წელს გაიხსნა. აქ მხოლოდ ორი ვაგონია (გზას 3 წუთი სჭირდება), აკავშირებს სადგურებს „ბეიოღლუს“ და „ქარაქეის“.

კიდევ ერთი მიწისქვეშა ფუნიკულიორი საშუალებას იძლევა 5 წუთში ქაბათაშის ნავმისადგომიდან ტაქსიმის მოედნამდე მიხვიდეთ. ფასი 4 ლირაა.

 

ტრამვაი
ტრამვაის ხაზი T1 14 კმ-ია და ქაბათაშს და ბაღჯილარს აერთებს. ტრამვაი „ოქროს რქას“ კვეთს და 24 გაჩერებას აკეთებს. მგზავრობის საერთო ხანგრძლივობა 42 წუთია. ეს ტრანსპორტი კარგია ძირითადი ღირსშესანიშნაობებს შორის გადაადგილებისთვის.
განსაკუთრებული სიამოვნებაა ე.წ. „ნოსტალგიურ ტრამვაით“ მგზავრობა. ძველი ვაგონები ევროპულ ნაწილშიც დადიან (ტუნელი-ტაქსიმი) და აზიურშიც – (ავტოსადგური ქადიქეი და მოდას რაიონი).

 

წყლის ტრანსპორტი
ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის რეგულარულად დადის ტრადიციული ბორანი (vapur), სწრაფმავალი „წყლის ავტობუსები“ (deniz otobusu) და პატარა კერძო ბორანები. გზას 20 წუთზე მეტი სჭირდება, ფასი 4 ლირაა. ბონუსი – ბოსფორზე შესანიშნავი ხედი.

 

ტაქსი
ყველაზე მოხერხებული, ღამით კი ერთადერთი ტრანსპორტი. საშუალო ფასი 3 ლირაა ჩასხდომაზე და 2 ლირამდე თითო კმ-ზე.
მრიცხველი ყველას უყენია და მგზავრმა სჯობს ყურადღება მიაქციოს ჩაჯდომისას ჩართული რომ იყოს. თუ გეტყვიან, რომ მრიცხველი გაფუჭებულია, ჩასვლა დააპირეთ და ხელსაწყო უცებ „გაკეთდება“.
ღამის ტარიფი 50%-ით ძვირდება და 0:00-დან 6:00 სთ-მდე მოქმედებს. ორივე მგზავრობა მრიცხველზეა აღნიშნული და აქაც სჯობს მიაქციოთ ყურადღება, ღამის ტარიფი „შემთხვევით“ დღისით არ იყოს ჩართული.

ბოსფორის ხიდზე გადასვლა ფასიანია – იხდის მგზავრი და არა მძღოლი.

 

სტამბოლის სანაპიროები

სტამბოლის სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ორი ზღვის სანაპიროზე: შავი და მარმარილოს. ამ უკანასკნელის ყველაზე ცნობილი პლაჟები აზიურ ნაწილშია. მათი ძირითადი უპირატესობაა – უფასო შესვლა, განვითარებული ინფრასტრუქტურა (საშხაპე, ტუალეტი, გასახდელი, ქოლგები, შეზლონგები) და წყლის კომფორტული ტემპერატურა.

ჯადებოსტანი – მარმარილოს ზღვაზე ყველაზე ცნობილი პლაჟების რაიონია.

ევროპულ ნაწილში პოპულარულია „ფლორია“ ქვიშის სანაპიროთი. პლაჟი ფასიანია, მაგრამ მთელი რიგი გასართობებია: სპორტული ინვენტარის ქირაობით დაწყებული ბარებსა და დისკოთეკებზე ცეცხლოვანი ცეკვებით დამთავრებული.

შავ ზღვაზე შედარებით ცნობილია კილიოსის სანაპირო მრავალი კერძო პლაჟით, ასევე შილეს საკურორტო ზონა.

ნამდვილ კურორტზე თავს იგრძნობთ პრინცის კუნძულებზე შესანიშნავი პეიზაჟებით. ზღვა გამჭირვალეა, სუფთა და თბილი, სანაპიროს გასწვრივ ტრანსპორტი აკრძალულია (ველოსიპედებისა და ცხენის გარდა).

 

შოპინგი

სტამბოლს ევროპული შოპინგის არაოფიციალურ დედაქალაქსაც უწოდებენ. სახელგანთქმული „სავაჭრო ცენტრი“ – ლალელის რაიონი, მრავალფეროვანი საქონლის მაღაზიებისგან შედგება, ძირითადად ტექსტილი და ტყავია. ფასები ზომიერია.

„გრანდ ბაზარი“ – ერთგვარი „ქალაქია ქალაქში“. ის 50 ქუჩაზეა გადაჭიმული და 4400 მაღაზიას, 40 სავაჭრო ეზოს, სახელოსნოს და ყავახანს მოიცავს. ეს საუკეთესო ადგილია სუვენირების, ძველი ნივთებისა და ოქროს საყიდლად.

ეგვიპტური ბაზარი სპეციალიზდება სანელებლებზე, ყავაზე, ტკბილეულსა და ყვავილებზე, ხოლო წიგნის ბაზრობა „სახაფლარ ჩარშისი“ – ძველი და ანტიკვარული წიგნების პატარა ბაზრობაა, სადაც ყველანაირ გამოცემას წააწყდებით.

დიდ საყიდლებზე Kapali Carci-ზე შეიძლება წასვლა, მაგრამ აქ ფასები მაღალია. თუმცა თავად შენობას და ატმოსფეროს ოსმალების დროში გადაყავხართ.

გარდა ტრადიციული ბაზარ-ბაზრობებისა, სტამბოლში ბევრია თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდები, თანაც აქ მათი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მეგაპოლისებში.

პირველი კლასის შოპინგის მოყვარულები უნდა ეწვიონ „ატრიუმს“. ყურადღებას იმსახურებს საზღვაო სტილში გაფორმებული Tepe Nautilus ქადიქეიში – პირველი თემატური მოლია თურქეთში; აუთლეტი Deposite Outlet Center მომხმარებელს ფასდაკლებებით ახარებს; 6-სართულიან Profilo-ში ბევრი გასართობია: კინოდარბაზები, თეატრი, სპორტული და გასართობი ცენტრები.

სტამბოლიდან ყველაზე პოპულარული სუვენირებია – რაქათ-ლუქუმი, თურქული ჩაი, ხალიჩები, ანტიკვარიატი, საიუველირო მორთულობა და ტყავის ნაკეთობები.

 

სტამბოლის კაფე-რესტორნები

ცენტრში საუკეთესო რესტორნები დიდ სასტუმროებში მდებარეობს. ბევრი მათგანი თურქულ და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოზე სპეციალიზდება. ფასები არ იკბინება, მომსახურება კი უმაღლესია.

სულთანაჰმეთში საკვები ძვირია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ტურისტი იპოვის რამეს. მაგალითად, Divanyolu-ის ქუჩაზე უამრავი დაწესებულებაა, სადაც ამზადებენ თურქულ კოტლეტს „კეფთეს“ ან ქაბაბს (შამფურზე). საფეხმავლო Akbiyik-ზე ადგილობრივი, ევროპული, მაროკოული და სხვა ნაციონალური სამზარეულოს რესტორნებია. ზოგიერთ მათგანში მასტერ-კლასებსაც კი ატარებენ.

ბევრი ღირსეული კაფე და რესტორანია ბეიოღლუს რაიონშიც. Nevizade Sokak-ზე კი თურქული ტავერნების მთელი მწკრივია.

არც თუ ძვირ დაწესებულებაში სადილი 20 ლირამდე დაგიჯდებათ, საუზმე ორ კაცზე კარგ რესტორანში – დაახლოებით 60 ლირა. ფასტფუდით წახემსება 15 ლირა.

თუ ადგილობრივი ქუჩის საკვების დაგემოვნება გინდათ, გაემართეთ ემინენიუს სანაპიროზე და გალათს ხიდის მიმდებარედ. ახალი მიდიები, ხამანწკები და სახელგანთქმული თევზის სენდვიჩები “ბალიკ ექმექი” 4-5 ლირადაა.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

სტამბოლში ჩასული ყველა ტურისტი სახელგანთქმულ მოედანზე ხვდება, სადაც ისტორიისა და რელიგიის ორი ლეგენდარული ძეგლია. საუბარია ცისფერ მეჩეთსა და წმინდა სოფიას ტაძარზე (აია-სოფია). ტაძარი ორშაბათობით დაკეტილია მნახველებისთვის, შესასვლელი ფასი 4 ევრომდეა.

წმინდა სოფიას ტაძარი ათასწლეულების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს სიწმინდედ რჩებოდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1453 წელს მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს ათათურქმა მოუწოდა ეს უნიკალური ტაძარი მუზეუმად შეენარჩუნებინათ, ამიტომ ამ ადგილის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ცისფერი მეჩეთი (იგივე სულთან აჰმეთის მეჩეთი) აია-სოფიას მოპირისპირე მხარესაა და უმნიშვნელოვანეს მოქმედ მეჩეთად მიიჩნევა. მარტო გარედან დათვალიერება საკმარისი არ არის: უზარმაზარი დარბაზის კედლები ცის ფერია და მზის შუქით ივსება, რომელიც 260 განსაკუთრებულად მოწყობილი ფანჯრიდან შემოდის.

უნდა ნახოთ ტოპკაპის სასახლე, რომელიც რამდენიმე შენობისგან შედგება (ოთხი ეზო აქვს). დიდი ხნის განმავლობაში ის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი და მმართველების მთავარი რეზიდენცია იყო. აქ საინტერესოა წმინდა ირინეს ტაძარი (ერთადერთი ბიზანტიური ტაძარი, რომელიც ძველი დროიდან შემორჩა), ასევე სულთანების მოსასვენებელი და ჰარამხანა.
ტოპკაპში შესვლას 40 ლირა უნდა, ჰარამხანაში – 25 ლირა.

შთაბეჭიდილებას ახდენს დოლმაბაჰჩეს სასახლე, რომელიც თურქეთისთვის არადამახასიათებელ ბაროკოს სტილშია აგებული. სულთან აბდულ-მეჯიდი, რომლის ბრძანებით ააგეს დოლმაბაჰჩე, ოცნებობდა მეტოქეობა გაეწია ევროპელი მმართველებისთვის და გამოუვიდა კიდეც. დოლმაბაჰჩე დღიურად 3 ათასზე მეტ მნახველს არ იღებს და ამიტომ ადრე მისვლა სჯობს, განსაკუთრებით გაგანია სეზონზე.

ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა მე-14 საუკუნის გალათას კოშკი, რომელიც სტამბოლის ნებისმიერი რაიონიდან მოჩანს. ის ბორცვზეა აგებული და 61 მ სიმაღლისაა. აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება „ოქროს რქაზე“ და ბოსფორზე. შესვლის ღირებულება 25 ლირაა.

მეორეა პოპულარობით ქალწულის კოშკი, რომელიც უქსიუდარეში მდებარეობს და უამრავი ლეგენდითაა მოცული (15 ლირა).

 

სტამბოლში ყოფნისას შეუძლებელია რამდენიმე მუზეუმი მაინც არ მოინახულოთ. ერთ-ერთია უმანკოების მუზეუმი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა ორჰან ფამუქმა დაარსა. საინტერესოა თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (ფასი: 10 ლირა), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (25 ლირა), არქეოლოგიური მუზეუმი, მოტრიალე დარვიშების მუზეუმი (10 ლირა), სამხედრო მუზეუმი, მოზაიკის მუზეუმი, ტრანსპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი რაჰმინ კოჩას მუზეუმი (13 ლირა) და სხვა მრავალი საინტერესო ექსპოზიცია.

 

სხვა ღირსშესანიშნაობები

ბოსფორი
ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტეს სახელი ძველბერძნული მითის მიხედვით ეწოდა. ზევსმა ერთ-ერთი თავისი მორიგი სატრფო იო თეთრ ძროხად აქცია, რათა ის კანონიერი მეუღლის ჰერას რისხვისგან ეხსნა. მაგრამ არ გამოუვიდა და იო საბერძნეთიდან გაიქცა სრუტით, რომელსაც მას შემდეგ ეწოდება „ძროხის ფონი“ – ბოსფორი.
სრუტის სიგრძე 30 კმ-ია.

 

ჰაიდარფაშას სადგური
ეს ისტორიული ნაგებობა ერთ-ერთი ლამაზია სტამბოლში. ის 1909 წელს ააგეს როგორც დასავლეთის ტერმინალი ბაღდადიდან მომავალი ხაზებისთვის და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გხდა.

 

რუმელიხისარის ციხესიმაგრე
ევროპული ნაწილის ხმაურიან ცენტრში სიმშვიდის კუნძული. ეს ციხესიმაგრე ბოსფორის თვალწარმტაც სანაპიროზეა აგებული (ფასი: 5 ლირა).

 

ცისტერნა ბაზილიკა
კონსტანტინოპოლის მშვენივრად შემონახული მიწისქვეშა წყალსაცავი (ფასი: 20 ლირა).

 

ბეილერბეის სასახლე
ბეილერბეი თურქულიდან ითარგმნება როგორც „მეფეთა მეფე“. სასახლე იმპერიის მმართველთა ზაფხულის რეზიდენციად ააშენეს (1860 წწ).

 

სულთან ეიუპის მეჩეთი
ქალაქის მთავარი მუსულმანური სიწმინდე და ისლამურ სამყაროში მომლოცველობის გამორჩეული ადგილი. რელიგიური კომპლექსის ტერიტორიაზეა მუჰამედის თანამოღვაწის აბუ ეიუპ ელ-ანსარის მავზოლეუმი.

 

მინიატურების პარკი
თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობა, ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა, თანაც ფოტოების გადაღება და ამისთვის ერთი დღეც კი არ არის საჭირო: ეს შეუძლებელია – ამას მხოლოდ ის იტყვის, ვინც სტამბოლის მინიატურების პარკში ნამყოფი არ არის (ფასი: 10 ლირა).

 

გიულჰანეს პარკი
სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც ადრე სამეფო ბაღების ნაწილი იყო. დღეს გიულჰანე ყველა მსურველს მასპინძლობს.

 

ცათამბჯენი “საპფირი”
თუ სიმაღლის არ გეშინიათ და სტამბოლის ნახვა ხელის გულივით გინდათ, “საპფირის” დასათვალიერებელი მოედანი იდეალური ვარიანტია. ის 236 მეტრ სიმაღლეზეა და ქალაქის პანორამას 360 გრადუსით ნახავთ. ბილეთის ფასი 18 ლირაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g