„STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია“, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში წერს.
მარიამ ლაშხი ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის და სამოქალაქო აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება მმართველი გუნდის წევრ, მამუკა მდინარაძესთან .
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ნანა დიხამინჯია „ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან“.
„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო… STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.
როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.
მამუკა მდინარაძე:„წერდნენ, მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები, ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას“
ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.
ნანა დიხამინჯიასთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, „მის სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ და ამიტომ აუცილებლად გააგრძელებს“.