ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში მეწყერი გუშინ, საღამოს საათებში, მცირე ფართობზე ჩამოწვა და მას დასახლებული პუნქტებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. როგორც მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა, ადგილზე არსებულ ვითარებას კი დღეს დილიდან გეოლოგები სწავლობენ.
ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დაბა სტეფანწმინდაში ეს მეწყრის ჩამოწოლის პირველი შემთხვევა არ არის.
„გუშინ, დაახლოებით, საღამოს 5-6 საათი იქნებოდა მეწყერი რომ ჩამოწვა. მოსახლეობისთვის საშიშროება არ შეუქმნია, არ მისულა დასახლებულ პუნქტამდე. უბრალოდ, ძალიან დიდი ნალექი იყო და ამ ნალექის შედეგად, დიდი წყალი წამოვიდა დაბაში, ძირითადად, გერგეტის უბანზე.
გუშინვე მოხდა გაწმენდითი სამუშაოები. ტექნიკამ იმუშავა ადგილზე, არხი გაჭრა, რომ მოსახლეობის მხარეს არ წასულიყო წყლის დიდი მასა. დღეს, დილიდან ჩამოსულები არიან გეოლოგები და ადგილს შეისწავლიან,“ – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
