ქვემო ქართლში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად, მარნეულში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დატბორილია მიწის ნაკვეთებიც.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და იყო სეტყვა:
„წუხელ სოფელში საშინელება ხდებოდა, მთელი ღამე წვიმდა და სეტყვა მოდიოდა. რამდენიმე სახლი დაიტბორა, სანიაღვრე არხები დაზიანებულია. წლებია, ადგილობრივ ხელისუფლებას ვეხვეწებით, რომ ხიდი გააკეთონ, მაგრამ ჩვენი ხმა არავის ესმის.
მთელი ღამე სახლებიდან წყალს ჩვენი ძალებით ვტუმბავდით. სამწუხაროდ, მთავრობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით.
„მარნეულში ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა, ყველაზე რთული მდგომარეობა ახლა სოფელ ქირაჩმუღანლოშია. დასახმარებლად არავინ მოსულა, სანიაღვრე არხები არ იწმინდება და უხვი ნალექის დროს სახლები ამიტომ იტბორება. მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაურ დარგალს და მერს – ქენან ომაროვს: გამოდით კაბინეტებიდან და პრობლემების დროს ხალხთან ერთად დადექით“…
„გუშინ საშინელი ამინდი იყო – წვიმა, სეტყვა. 9 საათიდან ყველა უბანი გარეთ იყო გამოსული, დავუძახეთ მეხანძრე-მაშველებს, მოვიდნენ, „ჩვენ არ გვეხება, იმდენი საქმე გვაქვს, ვერანაირად ვერ დაგეხმარებითო“.
სახლში 15 სანტიმეტრამდე წყალი იყო შემოსული, გვითხრეს: „კარები გააღეთ, მთლიანი წყალი შემოვიდეს, მერე ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ სახლში, თუ ცოტა წყალია, ვერანაირად ვერ დაგეხმარებითო“, – ამბობენ ადგილობრივი მცხოვრებლები „მთავარ არხთან“ საუბარში.
სტიქია მარნეულში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
“მაშველებმა ჩვენ არ გვეხება, თუ ცოტა წყალია, ვერ დაგეხმარებითო” | სტიქია მარნეულში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 07 ივნისი, 2023