რა არის სტრესი და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება – ამ თემაზე მკურნალი ექიმი ჯაბა ტყემალაძე საკუთარ განმარტებას სოციალურ სივრცეში ავრცელებს და ყურადღებას ადამიანის ნერვული სისტემის მუშაობაზე ამახვილებს.
როგორც ჯაბა ექიმი განმარტავს, ტვინი არის ორგანო, სადაც ნერვული იმპულსები ნეირონების მეშვეობით მოძრაობს. ერთხელ წარმოქმნილი იმპულსი ნეირონზე მოძრაობას არ წყვეტს და დროთა განმავლობაში ასეთი იმპულსების რაოდენობა იმდენად იზრდება, რომ ტვინი ვეღარ უმკლავდება მათ გადამუშავებას.
ექიმის განმარტებით, ამ პროცესის შედეგად ტვინის ფუნქციონირება ირღვევა და ორგანიზმი გადატვირთვის მდგომარეობაში გადადის. მისი თქმით, ნერვული სისტემისთვის ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს იმპულსები კუნთებში „გაიტანოს“.
„სტრესის წამალი ვარჯიშია,“ – ამბობს ჯაბა ექიმი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობა ნერვული იმპულსების განტვირთვის ყველაზე ეფექტური გზაა.
მისი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ფიზიკური ვარჯიში.
ჯაბა ექიმის თქმით, კუნთებს უფრო მეტად გაწელვა უყვართ, ვიდრე მძიმე სიმძიმეებით დატვირთვა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოქნილობასა და სწორ მოძრაობებს.
