LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

StudentHunt – სტუდენტური ცხოვრება, შეთავაზებები, ფასდაკლებები

923
StudentHunt

29 მარტს, 15:00 საათიდან, Fabrika Hall-ში, სტუდენტური Super Event-ი გაიმართება, რომლის მიზანი დასაქმების ბაზარზე, ხელოვნურ ინტელექტზე (AI), ინოვაციებზე, მარკეტინგზე, სასტიპენდიო პროგრამებსა და ახალგაზრდებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან აპლიკაცია StudentHunt და გამომცემლობა „ლურჯი ოკეანე“.

ვიდრე აღნიშნულ ღონისძიებაზე გაეშურებოდეთ, აპლიკაცია StudentHunt-ს გაგაცნობთ, რომელიც ორი თვეა, რაც გაეშვა და სტუდენტებს მათთვის საყვარელი ქართული და გლობალური ბრენდების ფასდაკლებების და შეთავაზებების გამოყენებით რესურსების დაზოგვაში ეხმარება.

სანდრო კანდელაკი, StudentHunt-ის თანადამფუძნებელი:

StudentHunt-ის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა მომავალმა დამფუძნებლებმა, სხვადასხვა კომპანიაში ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით დასაქმებულმა ადამიანებმა აღმოვაჩინეთ, რომ იმ სამომხმარებლო სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელსაც Gen Z-ი ჰქვია, ძალიან ძვირი ჯდებოდა. შესაბამისად, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ StudentHunt-ზე დავიწყეთ ფიქრი.

– რა იგულისხმება იმაში, რომ Gen Z-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძვირი ჯდება?

– არსებობს ასეთი ეკონომიკური ტერმინი Acquisition Cost, ანუ ის ხარჯი, რაც კომპანიას ერთი მომხმარებლის მოყვანა უჯდება. იქიდან გამომდინარე, რომ Gen Z-ის ყველაზე მსყიდველუნარიან სახეს სტუდენტები წარმოადგენენ, ისინი კი ციფრულ ერაში დაბადებული და აღზრდილი ადამიანები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ტექნიკური უნარ-ჩვევები გააჩნიათ, მათზე ის ციფრული რეკლამები, რომლებმაც მილენიალებზე დიდი გავლენა იქონიეს, იმავენაირად არ მუშაობს, შესაბამისად, მათი სხვადასხვა სივრცეებში პოვნა და მათ სეგმენტზე წვდომა კომპანიებს 3-4-ჯერ მეტი უჯდებათ. ამ ფონზე მივხვდით, რომ რაღაც გზა იყო საპოვნელი იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, კომპანიებს დავხმარებოდით და მეორე მხრივ, ქართული სტუდენტური ცხოვრება მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპულ-ამერიკული რეალობისთვის. მესმის, რომ ჩვენთან განსხვავებული საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო მოწყობაა, მაგრამ კიდევ ბევრი ნიუანსია, რომლის მოგვარებაც გვაქვს ჩაფიქრებული.  

– ამ პროცესში კომპანიები რამდენად მოდიან სათანამშრომლოდ და საერთოდაც, რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი?

– მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ აპლიკაცია უფასოა როგორც სტუდენტებისთვის, ისე კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სტუდენტისთვის მიმზიდველი სივრცე და გავაერთიანოთ ყველა ის სერვისი, რაც მათ საუნივერსიტეტო და ახალგაზრდულ ცხოვრებას გაამარტივებს და მათ მიზნებსა და მისწრაფებებს გაამრავალფეროვნებს. ამ უფასო შეთავაზების მიღმა არანაირი ხრიკი არ იმალება და ვიდრე ჩვენ ვიქნებით ამ კომპანიის მენეჯმენტში, აპლიკაცია სულ უფასო იქნება – კომპანიებს ყოველთვის უფასოდ შეეძლებათ საკუთარი პროდუქტების და შეთავაზების ჩვენთან განთავსება. ჩვენი ფუნდამენტური მიზანია, მათ კარგად ესმოდეთ და იაზრებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს პლატფორმაზე მათი ბრენდის გამოჩენას. ჩვენ მათ ვეხმარებით გაარკვიონ, რა სჭირდებათ სტუდენტებს, რა წარმოდგენები აქვთ მათი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ, რადგან ზოგჯერ არასწორი წარმოდგენა აქვთ ახალგაზრდების რიგი პროდუქტების მიმართ დამოკიდებულებაზე. აღმოჩნდება ხოლმე, რომ Gen Z-ის სულ სხვა განცდა, სხვა სურვილები და ინტერესები აქვს.

– ფაქტობრივად, ეს პლატფორმა კომპანიებსა და ახალგაზრდებს შორის გამართულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

– დიახ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ აპლიკაცია, რომელიც სტუდენტისთვის ყველა მნიშვნელოვან სერვისს აერთიანებს და ვართ არხი კომპანიებისთვის.

გიორგი ცხვედიანი, StudentHunt-ის თანადამფუძნებელი:

– აპლიკაციას ძალიან მარტივი ფუნქციონალი აქვს. სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტისა და პაროლის დონეზე, რის შემდეგაც ჩვენ ვახდენთ დარეგისტრირებული პირის ვერიფიცირებას, რამდენად არის იგი სტუდენტი. ახალგაზრდას ვერიფიკაციისთვის საჭიროა, რომ სტუდენტური ელ. ფოსტა ჰქონდეს. ვერიფიკაციის ეტაპის გავლისთანავე  მისთვის ყველა შეთავაზება გაიხსნება. შეთავაზების გამოყენებაც ძალიან ადვილია – უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი კატეგორია, იპოვოს მისთვის სასურველი ბრენდი, დააჭიროს გამოყენების ღილაკს, რის შემდეგაც ეკრანზე QR კოდი გაეხსნება. კომპანიები რეგისტრაციას ჩვენს საიტზე შეძლებენ, ხოლო სტუდენტებს აპლიკაციის ნახვა App store-სა და Play store-ზე შეუძლიათ.

– პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხსაც შევეხოთ.

– სტუდენტების მონაცემებს მხოლოდ მათზე მორგებული სხვადასხვა შეთავაზების საჩვენებლად ვამუშავებთ და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აპლიკაციის გარეთ არ გადის, ჩვენ მას მაქსიმალურად ვიცავთ.

– განვითარდება თუ არა აპლიკაცია უფრო მეტად?

– ცხადია, აპლიკაციის შექმნით არ მთავრდება არაფერი. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ სტუდენტის ხმას, მუდმივად ვატარებთ კვლევას, ვაკვირდებით აპლიკაციაში სტუდენტის ქცევას – რა სიხშირით სტუმრობს მას, რის მიმართ იჩენს მეტ ინტერესს და სხვა. შემდეგ ამ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვცდილობთ, შესაბამისად განვავითაროთ აპლიკაცია, დაემატოს ახალი შეთავაზებები, შეიცვალოს, თუნდაც, ღილაკების წყობა. ფუნქციონალის დონეზე ახალ-ახალი მოთხოვნები აქვთ თავად სტუდენტებსაც. ჩვენც ჩვენი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა განვვითარდეთ, გუნდი აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში დიდ სიახლეებს გპირდებით.

– ამ დროისთვის რამდენი სტუდენტი და კომპანია იყენებს StudentHunt-ს, აქვს თუ არა მას ანალოგი საქართველოსა და მსოფლიოში და რა პერსპექტივა აქვს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით?

– დიახ, მსოფლიოში ანალოგი არსებობს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა ანალოგი არსებობს მხოლოდ ფასდაკლების და შეთავაზების ნაწილში. ჩვენი მიზანი კი არის გავხდეთ სტუდენტური სუპერაპლიკაცია, რომელიც ამ შეთავაზებებთან ერთად სხვა მნიშვნელოვან სტუდენტურ სერვისებსაც გააერთიანებს. შესაბამისად, ამ ნაწილში პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. სტატისტიკას რაც შეეხება, აპლიკაცია 15 იანვარს გაეშვა და ამ დროისთვის უკვე 7000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს სტუდენტის სახით და 100-მდე სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებაა აპლიკაციაში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ ეს რიცხვი გავაორმაგოთ და საქართველოს ფარგლებსაც გავცდეთ.