LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტური კლუბები თვითმმართველობის სანაცვლოდ – რა იცვლება რეალურად?

45

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, რეალურად, არაფერს შეცვლის, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის სამუშაო ვერსიის მიხედვით,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობები გაუქმდება და მათ ნაცვლად სტუდენტური კლუბები შეიქმნება.

”გამოდის, რომ იგივე სრუქტურა რჩება, მაგრამ სხვა სახელით, აღარ ერქმევა თვითმმართველობა. რეალურად,  სტრუქტურული ცვლილება არ მომხდარა და ერთადერთი ცვლილება შეეხო ბიუჯეტის ნაწილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკე იქნება სტუდენტური კლუბებისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი და ყოველ ახალ პროექტზე, ცალკე დაფინანსების მოპოვება აღარ იქნება საჭირო და იქნება გეგმიური ბიუჯეტი, რაც უფრო გაამარტივებს მუშაობას” – განაცხადა პაატა ბახტურიძემ

უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრო შეცდომას უშვებს, ვინაიდან კანონპროექტის მომზადებაში სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების აზრი არ იყო გათვალისწინებული.

”ჩვენი აზრით, ეს კანონპროექტი, არ უნდა მომზადებულიყო ამ ფორმით, ვინაიდან  სხვა უნივერსიტეტების ჩართულობა იყო მცირე. არც თსუ-ს სტუდენტები იყვნენ  ჩართული და არც სხვა უნივერსიტეტების. ეს ინიციატივები ეკუთვნის  ”აუდიტორია 115”-ის წევრებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ” – განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

რაც ეხება განსხვავებული პოზიციის მქონე სტუდენტთა ჯგუფის, ”აუდიტორია 115”-ის პოზიციას, როგორც ერთერთმა წევრმა, რატი რატიანმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, განათლების სამინისტროს კანონპროექტი არის ალოგიკური.

”დაპირება, რაც მივიღეთ იყო სრულიად განსხვავებული. ჩვენ სისტემურ ცვლილებებზე გვქონდა საუბარი, რომელთა მიხედვითაც, უნდა გაუქმებულიყო თვითმმართველობა. მაგრამ, რეალურად, მოხდა ის, რომ უბრალოდ თვითმმართველობა იცვლება კლუბებით” – განაცხადა რატი რატიანმა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ”აუდიტორია 115” რჩება იგივე რეჟიმში და 16 აპრილს, საერთო სტუდენტური გაფიცვის უფლებას იტოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g