LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუდია აღარ მექნება, მაგრამ ბევრს ვიმოგზაურებ და უკვე სხვა ქვეყნებიდან ჩამოგიტანთ საინტერესო ამბებს“ – მერიკო კარტოზია

12297
334565250_1250797479194206_2472720994089586502_n

26 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ გადაცემაზე „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ისაუბრა და მსმენელს გადაცემის ფორმატი და სამომავლო გეგმები გაუზიარა.

მერიკო, რატომ დაიხურა გადაცემა „სიკეთე მარტივია“?

„სიკეთე მარტივია“ თავიდან საქველმოქმედო კუთხით შეიქმნა მხოლოდ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეთერში გავედით, უკვე ტელევიზიამ და შოუმ მოითხოვა, რომ არა მხოლოდ სიკეთეზე ყოფილიყო, არამედ ყოფილიყვნენ საინტერესო ადამიანები, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. გადაცემა ბევრჯერ გამიკეთებია ამოუცნობ მოვლენებზე, მისტიკაზე და მაყურებელი ცოტა გააღიზიანა ამ ფაქტმა. ხშირად მწერდნენ, რატომ ჰქვია გადაცემას „სიკეთე მარტივია“-ო, რადგან გადაცემაში არ იყო მხოლოდ ისეთი ქეისები, სადაც ადამიანებს დახმარება სჭირდებოდათ, იყვნენ უცნაური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებიც, ანუ გარკვეულ ჩარჩოში მსვამდა გადაცემის სათაური.

გაამართლა ბრენდმა, დიდი ხანი ვიყავი, რადგან 6 წელი არ არის ცოტა. ბევრი ადამიანი მართლაც გადავარჩინეთ, დავეხმარეთ. ძალიან ტკბილი და თბილი გადაცემები ვაჩუქე მაყურებელს, მაგრამ აი იმ ჩარჩოს მოვერიდე და არჩევანში თავისუფალი რომ ვყოფილიყავი, შევცვალე პროექტის სახელწოდება და ახლა უკვე „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ჰქვია. აქ ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ამბავი იქნება. სტუდია აღარ მექნება, მაგრამ ბევრს ვიმოგზაურებ და უკვე სხვა ქვეყნებიდან ჩამოგიტანთ საინტერესო ამბებს ღირსეულ ადამიანებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რელიგიაზე, მისტიკაზე. მგონი, ეს კიდევ უფრო საინტერესო პროექტი იქნება. პირველი გადაცემა ტოკიოდან დავიწყე და ძალიან ძლიერი, ღირსეული პირველი სტუმარი მყავს, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელსაც იაპონიაში ღმერთს ადარებენ. იცით, ქალბატონები, რომლებიც ორსულად არიან, სპეციალურად მიდიან ლევანთან და ხელით ეხებიან, რომ ძალა გადმოვიდეს მათზე და რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს. იაპონიაში სუმო მხოლოდ სპორტი არ არის, ეს არის ტრადიცია და სუმოისტებს ღმერთკაცებად აღიქვამენ. თვითონ სუმოისტების ცხოვრებაც ბერების ცხოვრებას ჰგავს, ბევრი რამ ეკრძალებათ. მიუხედავად იმისა, რომ სასწაულად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობს ლევანი, ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს, მაგალითად, არ აქვს უფლება, რომ ავტომობილით გადაადგილდეს, გარეთ ყოველთვის კიმონოში ჩაცმული უნდა გამოვიდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობასაც, ძალიან ბევრი რამ ეკრძალება თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც.

ამღერდი და სიმღერა „მერე“ შემოგვთავაზე, კიდევ თუ აპირებ ახალი სიმღერების ჩაწერას?

ჯერჯერობით არ მაქვს ამაზე პასუხი, რადგან ეს „მერეც“ ასე უცებ მოხდა. ქალბატონი ლუიზა, ბუთხუზ ბასილაიას მეუღლე მყავდა სტუმრად და მის პატივსაცემად ჩავწერე ეს სიმღერა. ასე გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ კარიერა სიმღერაშიც გავაგრძელო, თუმცა არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, შეიძლება მოვიდეს რაღაც მომენტი და ისევ მომინდეს სიმღერა. „მერეს“ შესრულება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ნამდვილად მისტიკური სიმღერა იყო და მის მერე, ცოტა რთულია, კიდევ რომელიმე სიმღერის ჩაწერა.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები