ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში რუსი ტურისტების დაჭრასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა.
ბჟანიას „პრესსამსახურის“ ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრ ანქვაბი, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ალხას კვიცინია, „უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა, „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი დბარი და სხვა პირები.
„ქვეყნის მეთაურმა სტუმრების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა,“ – აცხადებენ ე.წ. პრესსამსახურში.
ბჟანიამ „სამართალდამცავ ორგანოებს“ დაავალა, მიიღონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომები გააძლიერონ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა ორი რუსი ტურისტი დაჭრა. apsny.press-ის ინფორმაციით, გუდაუთაში მცხოვრებმა დიმიტრი ფილიამ, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის შედეგ, რუსეთის ორ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.
ერთ-ერთი მათგანი სამჯერ დაჭრა, მეორეს კი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი ტურისტები ოკუპირებული გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასხლეტილი ტყვიით ასევე დაიჭრა თავად ფილიაც, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.