LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ნორა კვიციანი არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, ის იყო სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური მძევალი

217
Untitled design

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ნამდვილი გმირები – გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო, კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტში მიმდინარე პლენარულს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი ნორა კვიციანის გარდაცვალებას.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ნორა კვიციანი პოლიტიკური მძევალი იყო და მან დაუმსახურებელი სასჯელი მოიხადა:

„1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მეც იქ ვიყავი, ჯერ სოხუმში, შემდეგ ხეობა გადმოვიარე დევნილებთან, ჯარისკაცებთან ერთად, ნორა კვიციანი ახერხებდა ორგანიზებას რომ არც ერთი ადამიანი, ვინც ამ ხეობაზე გაივლიდა, მინიმუმ, თავშესაფრისა და ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო. ყველას გვერდით იყო, მისი სახლი იყო გადაქცეული ყველას სახლად, ასე გრძელდება იმ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ სააკაშვილი იქ ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა.

ეს იყო ადამიანი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ 15 წლის განმავლობაში ვერავინ მოახერხა კოდორის ხეობის აღება, თავის ძმასთან ემზარ კვიციანთან ერთად და ხეობის სხვა გმირ დამცველებთან ერთად ერთი დღე არ გამოსულა კოდორიდან, ყოველდღე იქ იყო, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე და მისი მაღალი ავტორიტეტი იყო სწორედ იმის გარანტი, რომ ხეობა იყო შეკავშირებული, ერთად ახერხებდნენ დაეცვათ ოკუპანტისგან, სანამ 2006 წელს, სააკაშვილმა არ შეიყვანა იქ ჯარები და 2008-ში უკვე ჩააბარა ხეობა ისე, რომ გატეხა იქ მებრძოლების სული და ერთი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ოკუპანტს, ერთი თოფი არ გავარდნილა ხეობაში.

მეტსაც გეტყვით, ისე გამოიყვანა იქიდან სამხედრო შენაერთები, რომ მოსახლეობა არც კი გაუფრთხილებია, რა საფრთხე ელოდებოდათ და რომ არა სწორედ ნორა კვიციანი, იქ საოცრებები დატრიალდებოდა.

ეს იყო ადამიანი, რომელიც დაიჭირეს სრულიად უკანონოდ, წაყენებული ჰქონდა სამი ბრალდება: უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება.

მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და 32-გვერდიანი დასკვნა მაქვს გაკეთებული, სადაც დეტალურად არის განხილული, რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ის ბრალდებები, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. უფრო მეტიც, არათუ მტკიცებულებები არ არსებობდა, მოწმეებს, რომელთაც ძალით მიაცემინეს ჩვენება და შემდეგ სასამართლოზე მათ აღიარეს, როგორი წამების და მუქარის ქვეშ მისცეს ეს ჩვენები, ეს ადამიანები დააპატიმრეს და იმათ კიდევ ჩვენების შეცვლის გამო შეუცვალეს სასჯელი.

ამ ადამიანს ექვსი წელი მიუსაჯეს სრულიად უკანონოდ და ძალიან ღირსეულად, ყოველგვარი ჩივილის გარეშე იხდიდა ამ დაუმსახურებელ სასჯელს, განსხვავებით ზოგიერთი პატიმრისგან, რომლებიც ვერც ციხეს უძლებენ და შესძრეს თავისი ჩივილით მთელი სამყარო.

ღირსეულად იცხოვრა, ღირსეულად გარდაიცვალა და უბრალოდ მინდა, მის ოჯახს, მთელ საქართველოს, კიდევ ერთხელ ვუთხრა სამძიმარი. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ნამდვილი გმირები. გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა მისი პირადი, ძალიან მაღალი ავტორიტეტი, ვერავინ შეძლებდა იმის გაკეთებას, რომ ეს ხეობა ყოფილიყო შენარჩუნებული.

ემზარ კვიციანიც, უამრავი სხვა გმირიც იქ იყო, მაგრამ პირველი და მთავარი მაინც იყო სწორედ ნორა კვიციანი – არღვლიანის ავტორიტეტი.

ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, ის იყო პოლიტიკური მძევალი, რომელიც დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა მის ძმას, შვილს და მათი დაჭერა რომ ვერ მოახერხა, დაიჭირეს დედა და და“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა, ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და 2012 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

მას მართლმსაჯულება მითვისებას, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა – “სამაგალითო და, დედა და ქალბატონი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g