ცეკვის აკადემია სუხიშვილებისა და კომპანია ,,კოკა-კოლას’’ ერთობლივი პროექტი „refFRESH-გამოიცეკვე“ მეორე წელია, რაც იმართება. წლევანდელი კამპანია ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზანი მოზარდებში ქართული ცეკვის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ამ კუთხით, მათი ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტში 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან ჩართულნი, რომლებმაც მომზადება სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში გაიარეს და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ფლეშმობებში იღებდნენ მონაწილეობას.
ორთვიანი კამპანია კვირას, 2 ივლისს ივენთ ჰოლში გალა-კონცერტით დასრულდა. პროექტის ფარგლებში გამართულ მედიაკონკურსში „გამოიცეკვე სუხიშვილი“ ტელეჟურნალისტებს და რადიოწამყვანებს („TVპირველი“, „რუსთავი-2“, „ტელეიმედი“, „მაესტრო“, „Music Box“, რადიო „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“, რადიო „საქართველოს ხმა“) პარტნიორობას ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ივენთ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილე კონკურსანტებს შორის ბევრმა გამოიჩინა თავი, თუმცა მათ შორის საუკეთესოები დასახელდნენ. აღსანიშნავია, რომ გრან პრით დაჯილდოვდა რადიო „ფორტუნას“ წარმომადგენელი, გვანცა გადაბაძე, რომელმაც სვანური ცეკვა უნაკლოდ შეასრულა. ილიკო სუხიშვილი რჩეული გახდა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსის“ კონკურსანტი, ნინუცა როსტიაშვილი, რომელმაც ქორეოგრაფს თავი „ილოურის“ შესრულებით დაამახსოვრა, ნინო სუხიშვილმა საკუთარ რჩეულად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, ვასო ფხაკაძე დაასახელა (ცეკვა „აჭარული“), ხოლო კომპანია „კოკა-კოლას“ რჩეული გახდა „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ცეკვით „ლაზური“.
გრანპრის მფლობელსა და ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებთან და სიგელებთან ერთად გადაეცათ პროექტის სპონსორის „კოკა-კოლას“ მიერ დაწესებული პრიზი – WeekEnd ტური Georgia Palace Hotel-ში.
ნინუცა როსტიაშვილი, ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“:
ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ილიკო სუხიშვილის რჩეული გავხდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. საერთოდ არ ვფიქრობდი რაიმე პრიზზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიღება იყო, რადგან „სუხიშვილებთან“ ერთად ცეკვა არ არის მარტივი. როდესაც გამომაცხადეს, რომ ილიკოს რჩეული გავხდი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ისე გამიხარდა, ტირილსაც კი ვაპირებდი (იღიმის).
გვანცა გადაბაძე, რადიო „ფორტუნა“, გრან-პრის მფლობელი:
ერთი თვე ვემზადებოდი ჩემს პარტნიორთან, დავით ჭანიშვილთან ერთად, რომელიც დავტანჯე (იცინის). ის ძალიან მაგარი მოცეკვავეა, ყველაფერი მასწავლა, დავტანჯე, სანამ ცერზე შევდექი, ბოლოს გამომივიდა და მგონი, ამოისუნთქა. მინდა, მას უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. რომ არა ის, მე საერთოდ ვერაფერს გავაკეთებდი. მარტო იმიტომ ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა, რომ დავითი გამეცნო…
„სუხიშვილები“ რომ მაგრები არიან, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი, რომ მართლა დიდი ოჯახია და ძალიან კარგი ადამიანები არიან.
არაფერი არ მახსოვს – როგორ ვიცეკვე და რა გავაკეთე. ერთადერთი მახსოვს, რომ ცერებიდან არ ჩამოვვარდი, ამაზე ვნერვიულობდი ყველაზე მეტად.
მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდინა და კიდევ ერთხელ დამაყენა სცენაზე ანსამბლთან, რომლის დიდი გულშემატკივარიც ვარ. ვერშემდგარი მოცეკვავე გახლავართ (იღიმის).
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ „სუხიშვილები“ უკვე მენატრებიან (იღიმის).
P.S. ფოტოები ეკუთვნის თამუნა ტაბატაძეს.
ნინო მურღულია