LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მემახსოვრება გერმანელი პიანისტი… ადამიანები, რომლებმაც ერთ ჩანთაში ჩაყარეს მთელი ცხოვრება – დავით ქაშიაშვილის თვალით დანახული ომის 6 დღე

1052
fortuna.ge (76)

24 თებერვლიდან მსოფლიომ ახალ რეალობაში გაიღვიძა.

რუსეთმა მათივე მტკიცებით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსული პროპაგანდისტული არხები ამბობენ, რომ მსოფლიო ფეიკნიუსებს ადევნებენ თვალს.

ის, რაც უკრაინაში ხდება, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც დაიჯერებს, რომ „ფეიკია“.

ჟურნალისტებს რუსების მხილებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მათ თამამად შეიძლება ვუწოდოთ გმირები.

ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვაწვდიან იმ საშინელ ამბებზე ინფორმაციას, რომელიც უკრაინაში ხდება. გარანტიას ვერავინ გაძლევს, ამ შემთხვევაში ვერც პრეზიდენტი ზელენსკი, რომ გადარჩები.

 

უკრაინაში ომს უკვე 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ომის მიმდინარეობისას დაშავდა 10 ჟურნალისტი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაული ჩაიდინეს მედიის სულ მცირე 56 წარმომადგენლის მიმართ.

 

ამ გმირ ჟურნალისტებს შორის ქართველი ჟურნალისტიც ბევრია.

„ფორტუნა“ დავით ქაშიაშვილს „ფორმულას“ ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ერთი კვირა იმყოფებოდა.

 

ომი და ჟურნალისტები

 

„ხუთი დღე გავატარეთ უშუალოდ პოლონეთი-უკრაინის საზღვართან,  ერთი დღე ვიყავით ლვოვში.

ძალიან ძნელია, როდესაც უყურებ, რომ ადამიანებმა ერთ ჩანთაში ჩაყარეს მთელი ცხოვრება და გამოიქცნენ.

 

ფოტო: დავით ქაშიაშვილი, პოლონეთი – უკრაინის საზღვარი

 

5-6 დღის განმავლობაში, ეს ნაკადი კი არ მცირდებოდა, პირიქით ყოველდღე უფრო მეტი ქალი, ბავშვი და მოხუცი გადმოდიოდა უკრაინიდან. ეს ძალიან შემაძრწუნებელია, თითქოს უფრო ცხადად აღიქვამ ომის დანატოვარ სიმძიმეებს.

 

პოლონეთი – უკრაინის საზღვარი – ფოტო: დავით ქაშიაშვილი

 

ხიფათი ჩვენთან მიმართებაში ბევრი არ ყოფილა, რადგან ძალიან სახიფათო ზონებში არ ვიყავით. თუმცა სხვა დროს მსგავსი შემთხვევები მქონია. კონფლიქტების გაშუქების კურსებიც გავლილი მაქვს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენმა აბსურდულმა ცხოვრების წესმა, რომელშიც უკვე ძალიან ბევრი წელია, ვცხოვრობთ, გარკვეული გამოცდილება მომცა და მასწავლა, ვგულისხმობ გაშუქების ფორმას, სადაც შენ არ გამოირჩევი და სულ იმუშავებ.

შენ იქ იმიტომ გაგიშვა მაყურებელმა, რომ უნდა იმუშაო და თუ გაფუჭდები და გამოირთვები, მაშინ არც არაფერი აღარ გამოვა.

ამიტომ ძალიან სარისკო ნაბიჯებზე არ მივდივართ ხოლმე. რადგან არ შეიძლება, ერთი კადრის გულისთვის გაფუჭდე, ან მოკვდე“, – ამბობს დავით ქაშიაშვილი „ფორტუნასთან“

 

 სიფრხთილის ზომები, რომელიც ომში უნდა დაიცვა

 

„სრულ კოორდინაციაში ხარ ვიღაცასთან, ვინც გაძლევს მითითებებს, სად შეგიძლია გადაადგილდე და სად – არა.

უშუალოდ დაბომბვის ან ღია ცეცხლის დროს, როგორც წესი არც მუშაობ ხოლმე, ვცდილობთ, ჩვენთვის უსაფრო თავშესაფარი მოვძებნოთ.

 

პოლონეთი – უკრაინის საზღვარი: ფოტო დავით ქაშიაშვილი

 

როცა კონფლიქტურ სიტუაციებში მიდიხარ სამუშოდ, სადაც ღია ცეცხლია, მთელი რიგი საკითხებია, რასაც ყურადღებას აქცევ.

თან არ მიგაქვს საბუთები, ფოტოსურათები და ა.შ. ასე იმიტომ ვიქცევით, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში ჩვენი იდენტიფიცირების დადგენა გაუჭირდეთ.

ძალიან ბევრი დეტალია, რაც ასეთ დროს უნდა გაითვალისწინო“. – ამბობს ჟურნალისტი.

 

 

კადრი, რომელიც უკრაინის ომიდან არასდროს დაავიწყდება

 

„სულ მემახსოვრება გერმანელი პიანისტი, რომელმაც ველოსიპედს გამოაბა თავისი როიალი და ისე მოდიოდა საზღვარზე. გვიან ღამემდე უკრავდა იმისთვის, რომ საზღვარზე შემოსულ ყველაფერდაკარგული ხალხისთვის განწყობა შეექმნა.

ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, თითქოს ეს ყველაფერი რეალობა კი არა, კინო იყო.

 

 

ჩემი სიუჟეტი ამ პიანისტის  მუსიკით ავაწყვე. ვეცადე, უშუალოდ ჩემს რეპორტაჟში გადმომეტანა ის სინამდვილე, რაც ადგილზე ხდებოდა.

არანაირად არ ვეთანხმები ომის რეპორტაჟების მუსიკით გაფორმებას, მაგრამ ეს არ ყოფილა მუსიკით გაფორმება, ეს იყო ის, რა მუსიკაც ადგილზე ისმოდა.  რაღაცნაირი ამბავი იყო, ძალიან  სევდიანი, თან პოზიტიური.

კიევში წასვლის სურვილი გვქონდა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას შენით ვერ მიიღებ. კიევში იმ დღეებში გარკვეული უსაფრთხოების რისკები იყო და ამიტომ სამსახურიდან ვერ მივიღეთ ნებართვა.

 

შიში? ომის გაშუქებისას ფიქრობ მხოლოდ საქმეზე, კადრზე, ინტერვიუზე…

 

„მეშინოდა თუ არა? არა, რადგან ჩვენ არ ვყოფილვართ ძალიან სახიფათო  ზონაში. შემეშინდა შედეგების, როდესაც ასეთ მძიმე სურათს უყურებ, ფიქრობ ამ ყველაფერს რა მოჰყვება.

თითქოს ამის გააზრება უფრო ცხადად შევძელი. ადგილზე მუშაობისას  უფრო შემეშინდა და დავფიქრდი, რა იქნება ხვალ,“- ამბობს ქაშიაშვილი.

 

პოლონეთი – უკრაინის საზღვარი: ფოტო დავით ქაშიაშვილი

 

შიშის მომენტი არ მაქვს ხოლმე. ძალიან უკანა პლანზეა, როდესაც ვმუშაობ. მაგრამ იმას, ვისაც ეშინია, ცხადია არ გავკიცხავ, რადგან ძალიან ინდივიდუალურია დამოკიდებულებები.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციებში ძალიან კარგი და გამოცდილი რეპორტიორი ან ჟურნალისტი ფეტვის მარცვალივით დაიბნევა ხოლმე, მაგრამ ესეც ლოგიკურია, ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას ნაკლებად გამოსდის ემოციების მართვა.

 

პოლონეთი – უკრაინის საზღვარი: ფოტო დავით ქაშიაშვილი

 

მე, ალბათ, 2008 წლის აგვისტოს ომმა, რუსეთის საქართველოში შემოჭრამ მასწავლა ბევრი რამ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა ჟურნალისტობა.

ომში მოვხვდი და 12 დღე ვიმუშავე საშიში მომენტების გავლით. იმ ომმა ცოტა გამომწრთო კიდეც.  ცოტა შიში, რაც ცხადია, დღესაც მაქვს, სადღაც უკანა პლანზე გადავიდა და  წამოვიდა საქმე, კადრი, ინტერვიუ და ამბავი, რომლისთვისაც მე იქ საზოგადოებამ გამიშვა.

პროდიუსერი კი გიშვებს, მაგრამ ეს ძალიან ფორმალური ნაწილია,  იქ ხალხი გაგზავნის,  სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ბოლომდე დარჩე მუშა მდგომარეობაში, რადგან თუ „გავფუჭდი“, ჩემი კამერა გამოირთვება, მაშინ რაღა აზრი ჰქონია ჩემს იქ მუშაობას.

2008 წლის ომში ტყვედაც აგვიყვანეს, მაგრამ ყველაფერმა მარტივად ჩაიარა“. – მოგვიყვა დავით ქაშიაშვილი.

 

magti 5g