„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს“.
გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს
„სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.“
„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.
მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“, – აცხადებს სულხან თამაზაშვილი.