LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულმოუთქმელად, ემოციებით ველოდები კონცერტს… იქნება ახალი სიმღერებიც, ერთ-ერთი, რომლითაც თქვენთან მოვედი“- 7 ივლისს ლიკა დოლიძის კონცერტი გაიმართება

16
ლიკა-დოლიძე

30 ივნისს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” ლიკა დოლიძე და “ლაიქ ბენდის” წევრი, ირაკლი კვანჭიანი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა დაგეგმილ კონცერტზე, კონცერტის რეპერტუარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა “ჩემი ოცნება” წარუდგინეს.

ვისაუბროთ 7 ივლის დაგეგმილ კონცერტზე, რომელიც ქუთაისში გაიმართება.

ლიკა დოლიძე: კონცერტი 7 ივლის 19:00 საათზე “ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში” გაიმართება. ეს იქნება პირველი სოლო კონცერტი “ლაიქ ბენდთან” ერთად.

რატომ ქუთაისი?

ლიკა დოლიძე: იმიტომ, რომ ჩემი დედულეთია და მთელი ბავშვობა ქუთაისში მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარს. ყოველთვის ველოდებოდი არდადეგების დაწყებას, რომ ქუთაისში გავქცეულიყავი. ცალკე თემაა, რომ ყველაზე და ყველასგან განსხვავებული მსმენელი ჰყავს ქუთაისს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და მთელი ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და შემდეგ უკვე ამ ქალაქის წარმომადგენელს გავყევი ცოლად, ხვდებით ხომ, რაც მაკავშირებს ქუთაისთან?! სულმოუთქმელად, ემოციებით ველოდები კონცერტს.

რა სიმღერები გაჟღერდება აღნიშნულ კონცერტზე?

ლიკა დოლიძე: რა თქმა უნდა, იქნება მსმენელისთვის ნაცნობი საავტორო სიმღერები, რომლებიც ახლებური ვერსიით არის გაკეთებული, რადგან დროს ფეხი უნდა ავუწყოთ. არის სიმღერები ქართული კინო-ფილმებიდან, რომლებიც ძალიან მიყვარს და არის რამდენიმე დუეტი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი პროგრამა გამოვა. არის ახალი სიმღერებიც. დიდ მადლობას ვუხდი ბენდის თითოეულ წევრს, ისე გულით აკეთებენ ყველაფერს და ისე არიან ჩართულნი… მართლა ერთად შეკრული გუნდია და როდესაც ერთად, ასეთი გულით და სითბოთი კეთდება რაღაც, ხარისხიც იდება. კონცერტისთვის სიმებიან კვარტეტიც შემოგვემატა, რადგან ქართულ სიმღერას ეს ძალიან უხდება.

თქვენთან ერთად ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას?

ლიკა დოლიძე: იქნება თემურ თათარაშვილი, რადგან სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მთელი ცხოვრება, რაც ჩემი თავი მახსოვს, თემური სულ არსებობს ჩემს გვერდით. დუეტი იქნება ასევე რეზისთან და ჩემი ბენდის გოგონებთან. კიდევ ერთ დუეტს სიურპრიზად ვტოვებ.

თბილისში თუ გეგმავთ კონცერტს?

ლიკა დოლიძე: კი, ძალიან მინდა 30 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, იგეგმება. თბილისისთვის უფრო სხვა მზადება წავა. სავარაუდოდ, “რუსთაველის თეატრში” გავაკეთებ. ასევე ძალიან მინდა, რომ გურიაში ჩავატარო.

ირაკლი, როგორი ისტორია აქვს სიმღერას “ჩემი ოცნება”, პირადად ლიკასთვის დაიწერა?

ირაკლი კვანჭიანი: არა, ეს სიმღერა წლების წინ დაიწერა და ასე ვთქვათ, თაროზე იყო შემოდებული. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ რეპეტიციაზე უცებ გამახსენდა და დავუკარი და შევთავაზე ლიკას და ბიჭებს. ტექსტი ახლახან შევქმენით.

 ლიკა დოლიძე: ძალიან დაგვეხმარა ქალბატონი ნანა ცინცაძე, ძალიან დიდი მადლობა მას.

 

ლიკა დოლიძე – ჩემი ოცნება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები