უკრაინის ქალაქ სუმის მახლობლად მდებარე ქიმიური საწარმოდან „სუმიხიმპრომ“-იდან ამიაკმა გაჟონა.
ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 5 კილომეტრია.
ჟივიცკი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა.
„ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა.
ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.
ქიმიურ წარმოებაში გამოყენებული ამიაკი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე აირია.