თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ანტალიის გარდა, თბილისის მიმართულებით იზმირიდანაც იფრენს.
რეისი ანტალია-თბილისი-ანტალია აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით განახლდება, ავიაკომპანია ასევე კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს იზმირი-თბილისი-იზმირის მარშრუტზე.
SunExpress-ის ინფორმაციით, მგზავრების დიდი ინტერესის ფონზე, კომპანია ოპერირებას ბათუმის მიმართულებითაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ SunExpress-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2023 წელს შემოვიდა.
SunExpress-ი 35 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის პირველი კერძო ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2001 წელს მგზავრებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. კომპანიის ავიაპარკი 77 საჰაერო ხომალდს აერთიანებს, რომლებიც რეისებს 200-მდე მიმართულებით ასრულებენ.