სურსათის ეროვნულ სააგენტოში აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს პრეპარატების შენახვის და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს.
შეხვედრაზე, რომელიც სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, მეწარმეებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების იმპორტისა და რეალიზაციის თავიდან აცილების გზები განიხილეს.
„მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის ხარისხი და, შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი“– განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
აღინიშნა, რომ პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა. ბოლო ორიწელია, არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი ქვეყანაში არ გამოვლენილა.
ფერმერთა ინტერესების და სამომხმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. 2016 წელს შემოწმდა 8 სასაწყობე მეურნეობა და 118 სარეალიზაციო ობიექტი; სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია პესტიციდის 226 და აგროქიმიკატის 70 ნიმუში. ფალსიფიკაციის ფაქტზე დაჯარიმდა 5, მარკირების წესის დარღვევაზე – 12 ბიზნესოპერატორი,ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის – 1 სუბიექტი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, აგროქიმიკატების შეძენისას ყურადღება მიაქციოს ტარას, რომლის ეტიკეტზეც ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე; პრეპარატები უნდა იყოს დაფასოებული.
უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს მცენარეთა დამცველები ფერმერებს ურჩევენ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციას პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლისმოყვანასთან დაკავშირებით.
პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაშესაძლებელია შემდეგ მისამართზე http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf