სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულში ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.
ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი.
ამავდროულად, მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ.
აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში, ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში, საქართველოში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნაყინს მეხუთე ადგილი უკავია. მისი ფასი გასულ წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი) 604 ტონა ნაყინი შეიძინა, რაშიც $3.4 მლნ გადაიხადა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ნაყინის იმპორტი 470 ტონა იყო, ხოლო მასში გადახდილი თანხა $2.6 მლნ-ს შეადგენდა.
საქართველოსთვის წელს, ისევე როგორც შარშან, ნაყინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თანხობრივად თურქეთია, მოცულობით კი – უკრაინა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 2025 წლის 5 თვეში 67 ტონა ნაყინი გაყიდა, რაშიც $759 ათასის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $58 ათასის ღირებულების 4 ტონა ნაყინი ჰქონდა გაყიდული. მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ნაყინის ექსპორტი, დაახლოებით, 17-ჯერ გაეზარდა.
წელს საქართველოდან ნაყინის ექსპორტი 2 ქვეყანაში – აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელდა.