სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.
ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის შედეგადაც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს.
