LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ფასები ოქტომბერში 0.8%–ით გაიზარდა

96

2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ -0.2 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოველთვიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა.

ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „შაქარი, ჯემი, თაფლი, სიროფები, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი“ შემავალი პროდუქტების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 5.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შაქარზე ფასის 11 პროცენტიანი მატებით.

“სეზონურობიდან გამომდინარე, ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე „რძე, ყველი და კვერცხის“ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდამაც.

მთლიანი ინფლაციის მსგავსად, შემცირდა საბაზო ინფლაციის ზრდაც, რომელზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილების ტემპი 0.9 პროცენტს შეადგენდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

მთლიანი ინფლაცია კი 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა.

ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა (-0.3 პროცენტიანი წვლილი) კარტოფილზე ფასის 32 პროცენტიან კლებას ჰქონდა.

წლიურ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოუხდელი ყველის თითქმის 8 პროცენტიანმა გაიაფებამ, რის გამოც მთლიანი ინფლაცია 0.2 პროცენტით შემცირდა.

საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციაზე ყველაზე მეტად კვლავაც „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოქმედებს. აღნიშნული ჯგუფის ფასები 10.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის საერთო დონეში ჯგუფის წვლილი 0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდება.

სურსათზე ფასების საერთო დონე 0.1 პროცენტით შემცირდა.

ფასების ყველაზე მაღალი ზრდა „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (21.0 პროცენტი). ამის მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდაა.

საპირისპიროდ, სურსათის ფასების საერთო დონეზე მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით მოქმედებდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ჯგუფში შემავალი კვების პროდუქტების ფასების ცვლილება (-12.9 პროცენტი).