პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა.
14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება. ეს დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ – გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი. დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.
ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ… მოსახლეობას აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებსა და საწვავზე, გადავწყვიტეთ, კომისიის საქმიანობის ფარგლებში ეს თემები მოვიცვათ“
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.
