ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების, დაახლოებით, 40 000 შემთხვევა აღირიცხება.
სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.
სურსათის უვნებლობაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად მწარმოებელს ეკისრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა თავად შეძლოს საფრთხისშემცველი სურსათისგან თავის დაცვა.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების განვითარებას და ეხმარება ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტების, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებული სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ვახტანგ კობალაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი:
– სურსათის უვნებლობა ისეთი თემაა, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ყურადღება, რადგან ყველანი ყოველდღიურად მოვიხმართ ამა თუ იმ პროდუქტს, რომლებთანაც, შესაძლოა, მოწამვლის და სხვადასხვა დაავადების განვითარების საფრთხე იყოს დაკავშირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ქიმიური დამაბინძურებლების გამო ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადება ზოგჯერ დროთა განმავლობაში იჩენს თავს, ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური რიცხვები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია და ეს ყველაფერი საკითხს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს.
– ჩვენს ქვეყანაში ვინ არის პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე?
– პასუხისმგებელი, უპირველესად, თავად მეწარმეა, თუმცა მხოლოდ მის იმედად ვერ ვიქნებით. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა საკუთარ ტერიტორიაზე – იქმნება კანონები და ხორციელდება ამ კანონების შესრულების ზედამხედველობა, ამასთან, ბიზნესსაც ხელი ეწყობა იმგვარად, რომ ქვეყანაში არსებული მოთხოვნები შეასრულოს. საქართველოში სურსათის უვნებლობის კონტროლზე მთავარი პასუხისმგებელი სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომელსაც ოფისები აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალურ ცენტრში ჰყავს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი მაინც და ცდილობს გააკონტროლოს მეწარმეები, პროდუქცია, გაატაროს შესაბამისი ზომები (ბიზნესოპერატორებისთვის გასცეს სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, უკიდურეს შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი ან საქმიანობა შეუჩეროს) და საზოგადოებისთვის გაავრცელოს ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და საფრთხეების შესახებ.
– საქართველოში უმჯობესდება თუ არა დროთა განმავლობაში სურსათით მოწამვლის ან დაავადების სტატისტიკა, ან რაზეა დამოკიდებული სამომავლოდ მაინც მისი გაუმჯობესება?
– წლების წინ საერთოდ არ აღირიცხებოდა სურსათისმიერი დაავადებები ან სავარაუდო მოწამვლები, რადგან ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეები თითქმის არ მიმართავდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს. მას შემდეგ, რაც სურსათის უვნებლობის კონტროლის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა, სტატისტიკამ მოიმატა, თუმცა ეს დაავადებების მატებას არ ნიშნავს. ზოგადად, სტატისტიკა გასაუმჯობესებელია, რადგან როდესაც სურსათისმიერი დაავადების სავარაუდო და ერთეული შემთხვევა ვლინდება, ამას სახელმწიფო არ იკვლევს, ასეთი მონაცემები, უმეტეს შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების მიერ აღირიცხება.
– რა მექანიზმებით უნდა უზრუნველყონ ბიზნესოპერატორებმა სურსათის უვნებლობა?
– ყველა ბიზნესოპერატორს, მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, აქვს სპეციფიკური მოთხოვნები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისათვის, რომ მის მიერ წარმოებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი იყოს რაც შეიძლება უვნებელი. თუმცა ზოგადი ვალდებულება არის ჰიგიენური ნორმების დაცვა ყველა ეტაპზე – წარმოების, გადამუშავების, მიწოდების. ასევე არსებობს მოთხოვნები იმ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული პროდუქტში. არის ნივთიერებები, რომლებიც საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთი გარკვეული ზღვრების ფარგლებშია დაშვებული. არსებობს სხვადასხვა დარგის მიხედვით ჩაშლილი საკმაოდ დიდი კანონმდებლობა და ყველა ეს მოთხოვნა შესაბამისმა ბიზნესოპერატორმა უნდა დაიცვას.
– რა დახმარებას უწევს ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს?
– საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმები დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადების პერსპექტივა გაუჩნდა. ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, ფაქტებზე დაყრდნობით. 2009 წელს საქართველოში ევროკომისიის სპეციალური მისია ჩამოვიდა, რომელმაც შეისწავლა აქ არსებული მდგომარეობა და მოლაპარაკებების დასაწყებად, ასოცირების შეთანხმების დასადებად, ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების გატარება განისაზღვრა იმისთვის, რომ საქართველო სურსათის უვნებლობის დაცვის იმ დონეს მიუახლოვდეს, როგორიც არის ევროკავშირში. მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავდა სტრატეგია, მიიღეს ჩარჩო კანონი, რასაც მოჰყვა კიდეც ასოცირების შეთანხმების დადება. ამ შეთანხმებით გაიწერა ევროკავშირთან დაახლოების გრძელვადიანი ამბიციური გეგმა, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ითვალისწინებს ყოველწლიურად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან. ჯამში, 200 ნორმატიულ აქტთან უნდა მოხდეს დაახლოება. დღეისთვის მხოლოდ 134 აქტთან ვართ დაახლოებულნი, თუმცა ეს ნორმატიული აქტები ჩვენთან ჯერ არ არის ამოქმედებული, ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ამ პროცესის შუა გზაზე ვიმყოფებით. ცხადია, ქვეყანაში ამ მოვლენებს მოჰყვებოდა ინსტიტუციური განვითარება, უპირველესად, სურსათის ეროვნული სააგენტოსი, დაწყებული ინფრასტრუქტურის გამართვით, დამთავრებული სწავლებებით, ევროპული გამოცდილების გაზიარებით, რაც აუცილებელია ახალი მოთხოვნების შესასრულებლად. ამ ყველაფერში დიდი დახმარება გაგვიწია სწორედ ევროკავშირმა, უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედმა ორგანიზაციებმა და ეს დახმარება დღემდე გრძელდება. საუბარია ათეულობით მილიონ ევროზე. ამ თანხის სოლიდური ნაწილი მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურებისკენ, შედარებით მცირე ნაწილი – მეწარმეებისკენ და სულ მცირე ნაწილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც სურსათის უვნებლობის სფეროში ვმუშაობთ.
– სურსათის უვნებლობის კონტროლში მოქალაქეების როლზეც გავამახვილოთ ყურადღება, როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ამ პროცესში და საერთოდაც, რატომ არის მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანი?
– ჩვენმა ორგანიზაციამ, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა. გვაინტერესებდა, სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის შესახებ რამდენად აქვთ ადამიანებს ინფორმაცია. ერთ-ერთი კითხვა იყო, სურსათის უვნებლობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოუხდენიათ თუ არა რეაგირება. აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ახდენს არანაირ რეაგირებას, მაგრამ ვისაც მოუხდენია, მათმა ნახევარმა აღნიშნა, რომ დადებით შედეგს მიაღწიეს. ამ რეაგირებების 99% ბიზნესოპერატორთან პრეტენზიის დაფიქსირებით გამოიხატა უშუალოდ მაღაზიაში ან კვების ობიექტში და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, უშუალოდ კომუნიკაციის შედეგად ბიზნესოპერატორსა და მომხმარებელს შორის პრობლემა მოგვარდა. ეს, ცხადია, არის დასტური იმის, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის აქტიურობას. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მეწარმეებს, დაიცვან ჩვენი უფლებები და შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები. არსებობს კიდევ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი (15 01), რომელზე დარეკვა კონფიდენციალურია და ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს სურსათის უვნებლობის კუთხით დარღვევის აღმოჩენისას აქვს უფლება, მიმართოს სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება ასეთ მიმართვებზე და შედეგის შესახებ აცნობოს მომხმარებელს. ეს მექანიზმი კანონში, სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატირების შედეგად გაიწერა. ბოლო მონაცემების მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 1000 მოქალაქე მიმართავს სააგენტოს. რა თქმა უნდა, არსებობს ხარვეზები სააგენტოს მიერ რეაგირების კუთხით, მაგრამ ეს არის ოფიციალური მექანიზმი, რაც მოქალაქეებს გაგვაჩნია და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის. მოქალაქეებს არ შეგვიძლია ბიზნესოპერატორის ოფიციალურად გაკონტროლება, დაჯარიმება და ა.შ. ამის უფლებამოსილება მხოლოდ სააგენტოს აქვს, მაგრამ თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, მეწარმეებიც მაქსიმალურად მობილიზებულები იქნებიან და უკეთ იმუშავებენ.
– რა შეზღუდვებს აწესებს სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების საჩივრის და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და რამდენად ეფექტიანია ისინი პრაქტიკაში?
– სისტემა, ფაქტობრივად, ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ნამდვილად მუშაობს. ის არის ევროკავშირში მოქმედი სისტემის ანალოგიური. სააგენტო ბიზნესოპერატორებს ამოწმებს პროაქტიულად, საკუთარი გეგმის ფარგლებში, გამოვლენილ საფრთხეებზე დაყრდნობით, ასევე რეაქტიულად, მომხმარებლის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სააგენტო, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაციას აძლევს და მასთან ერთად გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. თუ დარღვევა დათქმულ ვადაში არ გამოსწორდება, შესაძლებელია ვადის კიდევ გაგრძელება, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დააჯარიმოს მეწარმე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება აღარ ექნება. თუკი სერიოზული დარღვევებია და მათი აღმოფხვრა შეუძლებელია, სააგენტოს აქვს საწარმოო პროცესის შეჩერების და პარალელურად დაჯარიმების უფლებამოსილება (ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა). მინდა მომხმარებელს მოვუწოდო, რომ სააგენტოს კონტროლის შედეგების თაობაზე მიიღოს ინფორმაცია სააგენტოს ვებგვერდიდან. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად ეს მონაცემები ყოველკვარტალურად ქვეყნდება. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საწარმოს ან პროდუქტის შემოწმების შედეგები და დინამიკაც – დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა მდგომარეობა, უმჯობესდებოდა თუ უარესდებოდა ის. მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით გროვდება, ეს ძალიან დიდი ბაზაა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ყურადსაღები.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ.