LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

468
შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე და ლაშა ავალიანი ბიზნეს სექტორის, მათ შორის, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, პლასტმასის მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქტების რეგულირების საკითხის განხილვა წარმოადგენდა.

„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

რეგულაციის  სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების და მათი თავსახურების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტის და სხვა ბაზარზე განთავსების აკრძალვა.

რეგულაცია შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც, რომლებიც მომხმარებლებს მზა სურსათს პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 3.9-5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g