აგვისტოში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მარცვლეულის უხვი მოსავლის მიღების პერსპექტივამ დიდი მარაგების დაგროვების მოლოდინი გააჩინა, რაც გლობალური ფასების შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა.
გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, ივლისთან შედარებით, 1.3 პუნქტით შემცირდა და აგვისტოში 176.6 პუნქტი შეადგინა. ინდექსის შემცირების ძირითადი მიზეზი FAO-ის მარცვლეულის ფასის ინდექსის 5.4%-იანი შემცირება იყო, რაც, თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონში მარცვლეულის გაუმჯობესებული მოსავლის მოლოდინის ფონზე, ხორბლის ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია.
აგვისტოში FAO-ის სურსათის ფასების შემცირებით ინდექსის სამთვიანი უწყვეტი ზრდის პერიოდი დასრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველთვიური შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის (მარცვლეული, ხორცი, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები) საერთაშორისო საბაზრო ფასებს ასახავს, გასული წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
მარცვლეულის ფასების ინდექსის გარდა, ამ თვეში FAO-ის ხორცის ფასების ინდექსიც 1.2%-ით შემცირდა, ხოლო შაქრის ფასების ინდექსი – 1.7%-ით. ეს უკანასკნელი შაქრის წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში, ბრაზილიაში, ტაილანდში და ინდოეთში, ლერწმის სახარბიელო მოსავალმა განაპირობა; ამასთან, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ მაღალი ტარიფების დაწესების გამო შაქარზე საერთაშორისო მოთხოვნა შემცირდა, რამაც შაქრის ფასების ინდექსის შემცირებაზეც იმოქმედა.
FAO -ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა, რაც პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის კვოტირების ზრდით არის განპირობებული. ასევე, FAO-ის რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, 1.4 პროცენტით გაიზარდა ივლისთან შედარებით. ზრდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კარაქის ცხიმზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.