LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი: პანკისში დაკავებულმა 5-მა პირმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადო და გეგმავდნენ ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას

214
სპეცოპერაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სუსის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე  ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. ისინი გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი

ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

უწყების განმარტებით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

„გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.

ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – ვკითხულობთ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g