„ჩამოვწერე ის მოთხოვნები, რომელიც იქ [„უცნობის“ აქციაზე] გაჟღერდა და ჩავთვალე წამეკითხა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ წაიკითხოს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ და პარლამენტის ტრიბუნიდან ინიციატივა გამოთქვა, კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომელიც აღნიშნულ აქციაზე გაჟღერდა.
ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „უცნობის“ აქციაზე იყვნენ ნაღები ხალხი, გულანთებული ხალხი და რომ ამ ხალხმა საქართველო გადაარჩინა:
„ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელი მოთხოვნებიც მონატრებულ კრებაზე გააჟღერა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ზაზა პაპუაშვილმა.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
რაც შეეხება კანონპროექტის ინიციატივას, ინჯიას მოსაზრებით, კანონმდებლობით უნდა მოხდეს:
- რევოლუციის თავიდან ასაცილებლად პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში პლებისციტის ჩატარება;
- 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორული რეჟიმის“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება;
- სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარება;
- ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა
- სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება;
- განხორციელდეს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა;
- აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა კანონით.