სვანეთში სასტუმროები და კაფე-რესტორნები ადგილზე სერტიფიცირებულ ხორცს შეიძენენ. მესტიაში ცხოველთა სასაკლაო მოეწყობა, რომელიც მათ ხარიხსიან ხორცს მიაწვდის.
როგორც ”ფორუნას” მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, სასაკლაოს მოწყობით ადგილობრივი ბიზნესოპერატორია დაინტერესებული და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
”მოვიძიეთ ადგილობრივი ინვესტორი, რომელმაც სასაკლაოს მოწყობასთან დაკავშირებით განცხადება უკვე შემოიტანა. მიმდინარეობს მისი განხილვა და უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება”, – განმარტა მესტიის გამგებელმა.
ჟორჟოლიანი სასაკლაოს გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და განმარტავს, რომ ინვესტორი სამუშაოებს ყველა პროცედურის გავლისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე დაიწყებს.
“სურსათის უვნებლობის შესახებ” არსებული კანონის მიხედვით, ბიზნესოპერატორებს მხოლოდ სერთიფიცირებულ სასაკლაოზე დაკლული და ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის შეძენა შეუძლიათ, თუმცა სხვანეთში სასაკლაოს არარსებობის გამო მათ სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. მესტიიდან უახლოესი სასაკლაო, ამჟამად, 150 კილომეტრზე მდებარეობს, რის გამოც ბიზნესოპერატორებს უამრავი დროისა და ფინანსების დახარჯვა უწევთ.