კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კალაძის განცხადებით, დღეს მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ძველების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება.
„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს
წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა, დაშავებულია 5 ადამიანი
შეგახსენებთ, დღეს წყნეთში, მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. დაშავებულია 5 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა მსუბუქია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.