ხისგან დამზადებული დაბალი მაგიდა, რომელზეც სუფრა იშლება – ასე იხსენიება ტაბლა ძველ ქართულ წყაროებში. დღეს კი ეს სიტყვა იმ სივრცის სახელდებაა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ხვდება ერთმანეთს, სადაც ძველი ოჯახური რეცეპტები თანამედროვე ქალაქურ რიტმში ცოცხლდებიან, სადაც ქართული სუფრის სული ინტერიერის ენითაც საუბრობს – ხის სურნელი და თბილი განათება ძველთაძველი სტუმართმოყვარეობის განწყობას აღვიძებს. რესტორანი „ტაბლა“ ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია არ ჩერდება წარსულში – ის ყოველდღე ცოცხლდება თითოეულ თეფშზე, თითოეულ სტუმარში.

ანა კენკიშვილი, რესტორნის „ტაბლა“ მარკეტინგის მენეჯერი:
– „ტაბლა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, როგორც მაღალი კლასის ქართული რესტორანი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კვების ობიექტში სალონური ატმოსფერო აღადგინა და ინეტრიერსა და ექსტერიერს ქართული ტრადიციული იერსახე შესძინა.
„ტაბლა“ არსებობის მანძილზე სხვადასხვა მისამართზე მასპინძლობდა სტუმრებს, ამ ეტაპზე კი ორი ობიექტითაა წარმოდგენილი – საბურთალოსა და დიღომში (ბერბუკის #1 და დავით აღმაშენებლის ხეივანი #125).
„ტაბლა“ სტუმრებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს – ტრადიციულ კერძებს, რომლებიც კლასიკური ფორმითვე მიდის მომხმარებლამდე და სხვადასხვა კერძის თანამედროვე ვარიაციებს, იქნება ეს ხინკლები სოუსებში, ხინკლის წვნიანი და სხვა. ანუ არც ძველს ვკარგავთ და ვქმნით ახალსაც.

– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და როგორ უკუკავშირს იღებთ ტრადიციული ქართული კერძების ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით?
– „ტაბლას“ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ახალ მისამართზეც ხშირად გვსტუმრობენ და გვსტუმრობენ, ძირითადად, საოჯახო, მეგობრული ან საქმიანი ვახშმისთვის. ჩვენი აქტიური სეგმენტი 35 წლიდან ზემოთაა.
უცხოელი სტუმრები, ძირითადად, ქართულ ტრადიციულ მენიუს ანიჭებენ უპირატესობას, „ტაბლაში“ ადგილზე მოსული ჩვენი ერთგული ქართველი მომხმარებლები კი ხშირად აგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე შტრიხებით. თითქმის არ მახსენდება ნეგატიური დამოკიდებულება გამოევლინოს ვინმეს. თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები ჩვენს გვერდზე კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებენ, ყველაზე ხშირად ხინკლის ვარიაციებთან დაკავშირებით.

– კერძების სერვირებაზეც გავამახვილოთ ყურადღება – ჩვენს ენაში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს, პირველად თვალი ჭამსო…
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჩვენთან სამზარეულო მთლიანად HACCP-ის პრინციპებითაა მოწყობილი, რაც სულ რამდენიმე ობიექტზე გვხვდება საქართველოში. ეს გულისხმობს, რომ დანადგარების დასუფთავება იქნება, პროდუქტების დაფასოება თუ კერძების მზადება, უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამ ყველაფრის ყოველდღიურად გასაკონტროლებლად ცალკე HACCP-ის მენეჯერიც კი გვყავს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოწმებას ნებისმიერ დროს უპრობლემოდ გავივლით. ცხადია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კერძის გემო და ვიზუალური მხარე თანხვედრაში იყოს. როგორც სამზარეულოს პერსონალი, ისე სხვა რგოლის წარმომადგენლებიც აქტიურად ვართ ჩართულები იმაში, რომ კერძის ხარისხზე, გემოსთან ერთად, მისი მიწოდების ფორმაც მეტყველებდეს.

– ერთია გარემო, რომელიც სტუმარს „ტაბლაში“ ხვდება, მეორე – მრავალფეროვანი მენიუ და შეფასების ცალკე კრიტერიუმები არსებობს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენს გუნდზეც მოგვიყევით.
– „ტაბლას“ და ზოგადად „აი სი არ ჯგუფის“ (ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაცია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში) ძლიერი მახასიათებელია სტაბილური კადრები კარიერული განვითარების შესაძლებლობით. ყველა რგოლის თანამშრომელი სათანადო ტრენინგებს გადის, ვიდრე მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდგებოდეს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი კარგადაა ინფორმირებული „ტაბლას“ ისტორიის, მისი ეტიკეტისა და მენიუს შესახებ. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველ პარასკევს მომხმარებლებს რესტორანში სომელიეს მომსახურებასაც ვთავაზობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დღეებში ჩვენი სტუმრები ღვინოსთან დაკავშირებით სათანადო რეკომენდაციას ვერ მიიღებენ, რადგან „ტაბლას“ მიმტანები სპეციალურ ტრენინგებს სომელიესთანაც გადიან.

– როგორ რეაგირებთ მომხმარებლების შენიშვნებზე?
– სარესტორნო სფეროში თითქმის შეუძლებელია, ნეგატიურმა შეფასებამ რომ არ იარსებოს, ზოგჯერ შენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაც კი. მაგალითად, კერძს, შესაძლოა, ყოველთვის ყველა წესის დაცვით ამზადებდე, მაგრამ ერთხელაც ყველს აღმოაჩნდეს ოდნავ განსხვავებული გემო, რის გამოც კერძი ისეთი გემრიელი აღარ გამოვიდეს, როგორც ამას შენგან მომხმარებელია მიჩვეული. ჩვენ ყოველთვის ღიად ვურთიერთობთ მომხმარებელთან. მაშინ, როცა შეცდომა ჩვენი მხრიდან იკვეთება, ბოდიშსაც ვიხდით, კერძსაც ვცვლით, ვაკეთებთ ფასდაკლებას და ა.შ. ერთადერთი დელივერის ნაწილში კურიერის ნაცვლად ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ კერძი გაციებული არ მივიდეს შემკვეთამდე.

– რასთან უნდა რომ ასოცირდებოდეს „ტაბლას“ და რასთან ასოცირდება ის მომხმარებლებისთვის?
– ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ „ტაბლა“ ქართულ ბაზარზე სანდო ბრენდის სტატუსით სარგებლობს. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, მაგალითად, ხინკალში გაყინულ ხორცს არ ვიყენებთ. ამ პრინციპით მომუშავე რესტორნები, როგორც წესი, მაღალ საფასო კატეგორიაში არიან, „ტაბლა“ კი ცდილობს, მაღალი ხარისხით ფასის მხრივაც იყოს კონკურენტუნარიანი. ერთი სიტყვით, ხარისხი „ტაბლაში“ უალტერნატივოა, შესაბამისად, მომხმარებელსაც ჩვენი, როგორც მაღალი კლასის ხარისხიანი რესტორნის აღქმა აქვს.
(R)
