LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბლეტი ინექციის ნაცვლად – „ფაიზერი“ კოვიდის საწინააღმდეგო წამალზე მუშაობს

529
pfizer45

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი „ფაიზერი“, რომელმაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინა შექმნა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო წამალზე მუშაობს. ექსპერიმენტული პრეპარატის, PF-07321332-ის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა 25 მაისს დასრულდება. ანტივირუსულმა ტაბლეტმა ლაბორატორიული ტესტები შესანიშნავად გაიარა და პირველი შედეგები ძალიან დამაიმედებელია.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი ადამიანებში გამოყენების  შემდეგაც ეფექტური აღმოჩნდება, იგი ხელმისაწვდომი უკვე წლის ბოლოსთვის გახდება. წამალს კლინიკური გამოცდის ფარგლებში ადამიანები ბელგიასა და აშშ-ში იღებენ. საუბარია 60 ჯანმრთელ მოხალისეზე, რომელთა ასაკი 18-60 წელია.

ექსპერტების თქმით იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული წამალი ექნება, ლოკდაუნები სამუდამოდ დასრულდება და ადამიანები შეძლებენ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი იარაღი ვაქცინაციაა, არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ის არ შეიძლება. წამალი პირველ რიგში სწორედ ასეთი ადამიანების დასაცავად იქნება განკუთვნილი და იგი ერთგვარი თავდაცვის მეორე ხაზი იქნება ვაქცინის მხარდამხარ.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი ფაზის შედეგები პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას დაადასტურებს, დაიწყება მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.

სფეროს ექსპერტების თქმით, პრეპარატი PF-07321332 ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს. იგი პროტეაზას ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტია, მსგავსი იმ წამლებისა, რომლებსაც შიდსისა და C ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ამ ეტაპზე ერთადერთი პრეპარატი, რომლის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებაც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ნებადართულია, „რემდესივირია“. თუმცა პრეპარატის მაღალ-ეფექტურობა დადასტურებული არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები