გამოკრთა რაღაცა პატარა სხივი, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დასავლური ინსტიტუტების ჩარევით მოხდება და შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ინტერესების თანხვედრა მოხდეს.
„დიდი შანსი არის, გამოკრთა რაღაცა პატარა სხივი, შესაძლებელია, რომ შეწყალება მოხდეს. მე ასე ვხედავ. მე ვფიქრობ, დასავლური ინსტიტუტების ჩარევით… მოდით, შეთანხმება არ ვთქვათ. ვთქვათ, რომ თანხვედრა შეიძლება მოხდეს ინტერესებისა და მე ვფიქრობ, რომ თუ გონიერები არიან და მგონია, სათავისოდ გონიერები არიან, უნდა მოხდეს საბოლოო თანხვედრა, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ტვირთი აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“ მხრებზე, ვიდრე სტატუსის მიღებამდე,“ – აღნიშნა ჩარკვიანმა.
ის ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხო და განაცხადა, რომ მას სინამდვილეში, სააკაშვილის გათავისუფლება არ სურს.
„მე დიდი ხანია ვყვიროდი, რომ ნიკანორ მელია ძირისგამომთხრელია-მეთქი, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ პარტიაში გასაჩერებელი არ არის. ძალიან ცუდი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… [მელიამ] ასე ურცხვად, პირდაპირ მითხრა, რას ჩაყევი სააკაშვილსო. როგორ გეკადრებათ, უნდა [სააკაშვილის გათავისუფლება] არა ის. მაგიტომ არის შემოგდებული ამდენი ხანი, რომ ზუსტადაც არ უნდა. ეს მაშინ მითხრა, როდესაც მე ღია ომი გამოვუცხადე ციხესთან, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი უკვე ვინც იყო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს და „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილის ეშინიათ.
ჩარკვიანი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არც არასდროს გაწყვეტილა.
„მოდი რა, გახარიამაც და ხაზარაძემაც და ბევრმა კიდევ, იმის მეოთხედი გააკეთონ, რაც ამ კაცს [მიხეილ სააკაშვილს] გაუკეთებია… მათ ეშინიათ მისი არსებობის. თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში ერთი წუთით, რომ როგორც პოლიტიკოსისა მისი არსებობის ეშინიათ?!,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.