პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან სამედიცინო პროცესში პოლიტიკური ჩარევაა, რასაც არ დააუშვებენ.
თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შექმნის იმის პირობებს, რომ სააკაშვილთან თუ სხვა ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით სამედიცინო გადაწყვეტილებები არა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არამედ ჯანდაცვის პროფესიონალებმა მიიღონ:
“ირაკლი კობახიძე და ჩვენ ყველა ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბანაკი ემზადება არა არჩევნებითვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ეს დაადასტურა დღევანდელმა მათმა ქმედებებმა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს სააკაშვილის არალეგალურად, სატვირთო მანქანით – რძის პროდუქტებთან ერთად ჩამოსვლამ დაადასტურა.
მისი რეალური მიზანი იყო დესტაბილიზაცია, ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ეს იყო იმ განცდის შექმნა, რომ თითქოს, ხელისუფლებასა და მთავრობას არ აქვს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ყოველდღიურად კომენტარების კეთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ამას ცდილობენ დღესაც. ირაკლი კობახიძემ აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა ეს პოლიტიკური სცენარი, რაც მომზადებული აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და დღეს ამ პროცესის მომსწრენი ვართ. ეს მეორედ ხდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო არჩევნები და ზუსტად ასე მოიქცნენ, რასაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციონერების მიერ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა უწოდეს. ეს არის უმძიმესი შეფასება.
ესენი ცდილობენ ტალახი ესროლონ საკუთარ ქვეყანას და ამის ხარჯზე მიაღწიონ მოკლევადიან ამოცანებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად გადაიყვანონ ერთი კლინიკიდან მეორეში და ამით სახელმწიფო აიძულონ, რომ, თითქოს, სახელმწიფო მუშაობს ამ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. ეს არის პოლიტიკური ჩარევა სამედიცინო პროცესში, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით იმის პირობებს, რომ სააკაშვილთან თუ სხვა ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით სამედიცინო გადაწყვეტილებები მიიღონ ჯანდაცვის პროფესიონალებმა და არა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა.” – თქვა თალაკვაძემ.
