„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადადგომით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში თავს დამარცხებულად თვლის და ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დასაჯა.
მისივე თქმით, თალაკვაძე მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე, შედარებით სხვა ლიდერებისგან.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპოზიციურ კოლეგას უნდა ოპოზიციის მარცხად გააფორმოს ეს შეთანხმება. ეს უბრალოდ სიჯიუტე მგონია დღევანდელი დღის მერე და მეტი არაფერი. მე მგონია, ახლა იმის დრო არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები. კიდევ ერთი, თალაკვაძე ნამდვილად ამ მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე „ქართული ოცნების“, რაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა ახასიათებდეს, ვიდრე მონაწილეები კობახიძის სახით და ა.შ. აქვე ვამბობ, რომ თალაკვაძის გადადგომით, ვერც ერთ შემთხვევაში უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერც ერთ კომპონენტს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას აქვს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ კონკრეტული ვადები გაწერილი და ამ შეთანხმების რეალიზებაზე არის მიბმული საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, რაც წერია სენატის რეზოლუციაში და ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ე.წ მაპის მიღება საქართველოსთვის. ამიტომ, ეს დოკუმენტი არის ზემნიშვნელოვანი და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და იმედი მაქვს, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მათ ვაიძულებთ, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებული იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.