LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალიბანი: ღვთის წყალობით, ავღანეთში ომი დასრულდა

125
1

თითქმის 20 წლიანი ბრძოლის, დარბევისა და დევნის შემდეგ, დაჯგუფება “თალიბანმა” ავღანეთზე კონტროლი მოიპოვა, ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა და დღეს დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ღვთის წყალობით, ქვეყანაში ომი დასრულებულია.

ამის შესახებ თალიბების წარმომადგენელმა Al Jazeera-ს სწორედ მას შემდეგ განუცხადა, რაც ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, დაჯგუფება მის სასახლეში შეიჭრა.

თალიბანის პოლიტიკური ოფისის სპიკერმა, მოჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის ქვეყნის ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან და ასევე, გარანტიას აძლევენ, რომ დიპლომატებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება.

მისივე განმარტებით, ავღანეთის მმართველობის ტიპი მალე გაირკვევა.

“დღეს ავღანელი ხალხისთვის და მოჯაჰედებისთვის დიდი დღეა! ისინი მოესწრნენ 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გაღებული ძალისხმევისა და მსხვერპლის ნაყოფს. ღვთის წყალობით, ქვეყანაში ომი დასრულდა”, – თქვა ნაიმმა. 

შეგახსენებთ, “თალიბანს” ქვეყნის საკვანძო ქალაქების დასაკავებლად, სულ რამდენიმე დღე დასჭირდა, გუშინ კი დაჯგუფებამ დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყო. მალევე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაფრინდა. დაჯგუფების წევრებმა ყოფილი პრეზიდენტის სასახლე დაიკავე.

ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს ჩანიშნულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.

მსოფლიო მედია ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს:

“როდესაც ზაფხულის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან თავისი სამხედროების გაყვანა დააჩქარა, “თალიბანმა” არაჩვეულებრივი სისწრაფით დაიწყო მოქმედება, დაიპყრო ქალაქები იმ სიჩქარით, რამაც შოკში ჩააგდო ბაიდენის ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება”.

მოვლენებს აფასებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და აცხადებს, რომ ბაიდენმა “თალიბანს” ნება დართო, ავღანეთი ხელში ჩაეგდო და სწორედ ამიტომ, ახლა სამარცხვინოდ უნდა გადადგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g