ტალინის ქუჩებში უპილოტო ავტობუსი გამოჩნდა. ავტობუსი უზარმაზარ სათამაშო მანქანას გავს. შიგნით სრული სიჩუმეა, არც პედლებია და არც მძღოლი. ტრანსპორტს იქვე მყოფი ოპერატორი პულტის დახმარებით მართავს.
მომავალ წელს კი თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ოპერატორის საჭიროება საერთოდ გაქრება. ავტობუსის მონიტორინგი ცენტრალური ოფისიდან მოხდება. ერთ ადამიანს 3–დან 10 ავტობუსამდე ექნება ჩაბარებული და მათ მუშაობას ყურადღებით გააკონტროლებს.
უპილოტო ავტობუსის მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ–ია და ტალინში მოძრავი სხვა ტრანსპორტისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. უფრო მეტიც, სიახლე ესტონეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილად იქცა და ადგილობრივებისთვის მგზავრობა სრულიად უფასოა.
აღსანიშნავია, რომ უპილოტო ავტობუსი ესტონეთისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ასეთი ისტორია სხვა არც ერთ ტრანსპორტს აქვს.
ორიგინალური ვერსია ტალინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მკვლევარებმა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე, საკმაოდ მცირე ხანში შექმნეს. პროექტში სულ 20 სტუდენტი იყო ჩართული და მათი დაფინანსება 400 ათას ევროს შეადგენდა.
ავტობუსი დაახლოებით ერთ წელში უკვე მზად იყო და უნივერსიტეტის რექტორმა კამპუსის გარშემო გაისეირნა კიდეც. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ უპილოტო ტრანსპორტის მასობრივი წარმოება დაწყებულიყო.
მანამ სანამ ტრანსპორტი ტალინის ქუჩებში გამოჩნდებოდა, მან უსაფრთხოების გამოცდა ჩააბარა და უმაღლესი შეფასებაც მიიღო.