2023 წლის 1-ლი ივნისიდან ტალინის ყველა მასობრივ ღონისძიებაზე საკვების ერთჯერადი ჭურჭლით გაყიდვა აიკრძალება. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან კი ეს წესი მთელს ქვეყანაზე გავრცელდება. ინიციატივა გახდება ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომელსაც ტალინი ევროპის მწვანე დედაქალაქის სტატუსით განახორციელებს. ინფორმაციას სიახლის შესახებ The Mayor ავრცელებს.
საკვები ამიერიდან მრავალჯერადი კონტეინერებით გაიყიდება. კონტეინერის ღირებულება ჯამურ საფასურში იქნება გათვალისწინებული. მყიდველს კი ამ თანხის უკან დაბრუნება კონტეინერის შეგროვების პუნქტში ჩაბარებით შეეძლება.
2020 წლიდან ევროპა აქტიურად ებრძვის პლასტმასით გარემოს დაბინძურებას. 2030 წლისთვის პლასტმასის ნახევარზე მეტი უნდა გადამუშავდეს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ ჭურჭლის ნაწილი მრავალჯერადი გახდება.