25 დეკემბერს, „ნინიას ბაღში” საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.
როგორც ცნობილია, შემოსული თანხა უკრაინელებისთვის გენერატორების ყიდვას მოხმარდება.
საღამოს წამყვანი „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი იყო.
ჩერგოლეიშვილი ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკა სინამდვილეში ძალიან კეთილშობილი საქმეა.
„გუშინ მართლა ჯადოსნური საღამო გამოვიდა – magical it was!
უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, გაერთო და სიკეთეც გააკეთა – აუქციონი პირველად წავიყვანე, ეს რა კარგი რამე ყოფილა. სულ რაღაც 15 ნივთი გამოვიტანეთ და 15000 ლარამდე მოგროვდა. ბილეთიც ბევრი გაიყიდა – ზუსტი ანგარიში დღეს მექნება. მოკლედ, მინიმუმ 10 ოჯახში გამოგვივა შუქის ანთება.
ასე მგონია, რომ რუსეთის მიერ ჩაბნელებულ კიევში განათებული თითოეული ფანჯარა პუტინის სხეულში ჩარჭობილი ისარია.
უდიდესი მადლობა წერილს – გია თოიძეს, ზურაბ ძაგნიძეს, თამარ ჭოხონელიძეს და მის შვილიშვილებს, რომელთაგან ერთ-ერთი – მარიამი, კარატისტიცაა და შავი ქამრის და დანების აღებას აპირებს. ვისაუბრეთ და ასეთი გეგმები აქვს.
მე კი ვგრძნობდი რომ პოსტ-პანკი და ალილო ერთმანეთს დაამშვენებდა, მაგრამ მოლოდინებს გადააჭარბა. ბავშვების ხმები, საოცარია.
საოცარია წერილიც – ასეთ ხარისხიან მუსიკას საქართველოში არავინ ქმნის.
უდიდესი მადლობა მერიკო გუბელაძეს და მის გუნდს, რომელიც საოცარ ატმოსფეროს ქმნის ნინიას ბაღში.
პირველი არ არის ეს ფანდრაიზერი – ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია ვახშამი, სადაც ახალი რესპუბლიკის ვებგვერდისთვის შევაგროვეთ ფული და 2023 წელს ამ ვებგვერდს ხშირად იხილავთ.
მაგრამ პირველია, რაც საჯაროდ გამოვაცხადეთ.
საჯაროდ გამოცხადება მინდოდა იმიტომ, რომ ახალი ხალხი ჩაგვერთო პროცესში – ჩვენთვის უცნობი ადამიანები და მართლა ბევრი ახალი თანამოაზრე და მხარდამჭერი გავიცანით – მათ განსაკუთრებული მადლობა ნდობისთვის ❤
მოკლედ, პოლიტიკა სინამდვილეში ძალიან კეთილშობილი საქმეა და თუ გიყვარს, შეგიძლია, პოლიტიკური პროცესი ერთ დიდ სიამოვნებად აქციო შენი თანამოაზრეებისთვის და მიხარია, რომ ეს გამოგვდის.
ამ ვითარებაში, როდესაც სიყალბემ და თვალთმაქცობამ წააქცია პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი თანამოაზრეობა, განსაკუთრებულობას ნიშნავს და ეს შეგრძნება მინდა, რომ ყველაფერს თან ახლდეს – ჩვენს ყველა ღონისძიებას, ყველა მოქმედებას,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.