„რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას“, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
სოციალურ ქსელში მიმართვის დროს ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება:
„რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რათა ადამიანებმა თავიანთი ნება, არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსმა ავაზაკებმა ვერ მიიტაცონ. ასე რომ, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
