ცნობილი საოპერო შემსრულებელი, თამარ ივერი ვრცელ სტატუსს საჯაროდ აქვეყნებს სოციალურ ქსელში მამა ნიკოლოზის შესახებ, რომელმაც ბოლო დროს საზოგადოებას თავი „აიფონის“ განსაკუთრებუილი სიყვარულით დაამახსოვრა. თამარ ივერი წერს იმ ბევრი კეთილი საქმის შესახებ, რომელიც სასულიერო პირის მოღვაწეობას უკავშირდება.
გთავაზობთ თამარ ივერის პოსტს:
„ვინც მიცნობს, იცის, რომ რაც არ მომწონს საერო თუ საეკლესიო ცხოვრებაში, ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. ვიცი და მესმის ხალხის გულისტკივილი, რომ ყველა მეუფე მის დონეზე არ დგას. როგორც საერო ცხოვრებაში გვყავს გამორჩეული, ღირსეული ადამიანები, ან პირიქით უღირსნი, ასევეა რელიგიის მესვეურთ შორისაც. უბრალოდ,არ შემიძლია გვერდიდან ვუყურო იმ აგორებულ ანტიპიარის შავ ტალღას, რაც მეუფე ნიკოლოზის მიმართ ხდება. ის ლამისაა ნაჩუქარი აიფონ 12 ის “მსხვერპლი და მძევალი” გახადეს. არადა, ამ პოსტით მინდა ვთქვა, რომ მეუფე ნიკოლოზს ვიცნობ ათწლეულებია.
ერთ დღეს, ჩვენს მაშინდელ 150-ე საჯარო სკოლაში, (მდინარე ვერესთან) გაიღო ჩვენი კლასის კარები და ფიზიკის ახალ მასწავლებლად წარგვიდგინეს ახალგაზრდა, ნათელი სახის, დიდთვალება ბიჭი პაატა ფაჩუაშვილი. მაშინ არ ვიცი, მე-6 თუ მე-7კლასში თუ ვიქნებოდით. პარალელურად, მასზე პედაგოგების ჩურჩულიც მესმოდა, რომ სკოლაში გამორჩეულად ჭკვიანი, ნიჭიერი, მაშინდელი კომაროვის ერთ-ერთი გამორჩეულ სასწავლებელ დამთავრებული ძალიან ინტელექტუალი ადამიანი მოვიდა.
მოკლე ხანში მან მანამდე ფიზიკის აქამდე უინტერესო, ნაცრისფერი გაკვეთილები ჩვენთვის სხვა პრიზმაში და რაკურსში დაგვანახა, მისი სხვა მხარეები აღმოგვაჩენინა და ძალიან შეგვაყვარა. ასევე,შეგვაყვარა მისი გაკვეთილები არა მხოლოდ ფიზიკაზე საუბრის გამო, არამედ ის ნახულობდა 10-15 წუთ დროს, რათა ჩვენ სხვა სფეროებშიც გავენათლებინეთ.
ახალგაზრდა პაატა მასწავლებელი დაუღალავად საუბრობდა უამრავ მსოფლიო თემაზე. მან ბრწყინვალედ იცოდა კინემატოგრაფია,კინომცოდნეებზე უკეთ შეეძლო ესაუბრა ფელინის, ბერგმანის, ტრიუფოს, ძეფირელის თუ სხვა მრავალი რეჟისორის ქმნილებებზე, ვარჩევდით “ილუზიონში” ნაჩვენებ ფილმებს. გენიალურად იცოდა მხატვრობა, მსოფლიო სამხატვრო მიმდინარეობები, იმპრესიონიზმი, აღორძინების ეპოქა, ნაივისტები და ა.შ უმაღლეს დონეზე იცოდა კლასიკური მუსიკა, ოპერები, ვერდი, ვაგნერი, თეატრალური სფერო, მსოფლიო ესტრადა, ჯაზი, მიმდინარეობები და რაღა თქმა უნდა რელიგია და მასზე საუბრები. მას ძალიან უყვარდა ყველაფრის ფოტოგრაფირება და საუბრობდა თუ რამდენი რამეა ამ ქვეყანაზე საინტერესო, რაც ძალიან უნდოდა რომ გადაეღო, აღებეჭდა და ხალხამდე მოეტანა, თუმცა მაშინ ამის ტექნიკა ჯერ კიდევ არ იყო.
ერთი სიტყვით, ჩვენ წინაშე იყო ზეინტელექტუალური მულტიგანათლების მქონე ადამიანი, ვისი გაკვეთილებიც, მასთან დისკუსია და მსჯელობა ჩვენთვის ნამდვილი ფუფუნება გახდა. მისმა გაკვეთილებმა ჩვენ აღგვამაღლა და უკეთესები გაგვხადა.
რა თქმა უნდა, თავიდანვე იყვნენ კლასში ისეთი “აცვენილი ძველი bad boy ბიჭები”, ვისაც ამ საუბრების მოსმენას ქუჩაში წანწალი და “ქუჩური აკადემია” ერჩივნა. ისინი თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მისი გაკვეთილების მიმართ და “რქებით დახვდნენ”, მაგრამ ამ ადამიანის ინტელექტუალურმა ნიჭმა, დაუღალავმა საგანმანათლებლო საუბრების ტალანტმა, საოცარმა შინაგანმა სიმშვიდემ, მათ თავხედობებზე წყენის არგამოხატვამ, პირიქით, სიკეთით გადახდამ და მათდამი კეთილგანწყობამ ბოლოს ისინიც “განაიარაღა”. ასეთად დაგვამახსოვრდა ჩვენი პირმცინარი, განათლებული პაატა მასწავლებელი ყველას და ასეთად გვემახსოვრება მუდამ. მისი შესანიშნავი მართლმადიდებლური საუბრების შთაბეჭდილებების ქვეშ… ჩვენი ერთ-ერთი კლასელი მონაზვნადაც აღიკვეცა და დღემდე ერთგულად ემსახურება თავის საქმეს და არ შემცდარა არჩევანში.
და ახლა, ასეთ პიროვნებაზე 2-ჯერ 2-ის არ მცოდნე თავცარიელნი ღლიცინებენ, თუ როგორ აჩუქეს და აქვს მას „აიფონ 12“. ჰოდა, მოგმართავთ, ფშუტარებო: დიახ, იმიტომ აჩუქეს მეუფეს აიფონი, რომ უპირველესად, მან ეს მისი მრევლის და იმ ადამიანის წინაშე დაიმსახურა და მერე, ამ ტელეფონს განსაკუთრებული ფოტო და ვიდეო ობიექტივი აქვს, რითიც მეუფე დაუღალავად იღებს და იღებს საქართველოს დღემდე უცნობ ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ ადგილებს, ეკლესიებს. ასევე გადის საქართველოს გარეთ და სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში თუ სხვა ქვეყნებში იღებს ვიდეოსიუჟეტებს იქ გაფანტული ჩვენი თანამემამულეების, საეკლესიო მოღვაწეების თუ ეკლესია-მონასტრების შესახებ. თავად მეც დამპატიჟა იაკობ ნაზიბიელზე მის მიერ ასე, მობილურით გადაღებული ვრცელი ფილმის პრეზენტაციაზე. ყველა ამ ვიდეო და ფოტო მასალას კი ის თავის „იუთუბის“ არხზე დებს (ერთხელ მაინც თუ მოგიძიებიათ) და ასევე ინახავს საპატრიარქოს ფონდში, მუზეუმში.
“არა ბიჭოს”… თურმე ის ნორმალურია, რომ მარტო იმათ უნდა გქონდეთ „აიფონები“, ვინც დღეში სამოც სელფს იღებთ ფუტკრის ნაკბენივით გამოსიებული ბოტოქსიანი ტუჩებით ან იმათ, სუფრებზე ფეხსაცმლით რომ ისხამენ პირში ღვინოს ან აკლებული გაქვთ „ფეისბუქი“ უაზრო ლაივებით, განურჩევლად იმისა, აინტერესებს ის ხალხს თუ არა.
„აიფონ12“ კი არა, ბოლო მოდელის ვიდეოკამერას უნდა ჩუქნიდეს სახელმწიფო მას! ერთხელ ასულხართ და გიკითხიათ, რას საქმიანობს და რამდენ დიდ საქმეს აკეთებს ის მის ეპარქიაში?? ერთხელ გიკითხიათ, თუ რას იღებს იმ აიფონით და სად დებს?
ამიტომ სანამ ადამიანს ზედაპირულად მხოლოდ ბოლო მოდელის „აიფონ 12“-თან გააიგივებთ… მანამდე ჯერ ის გაარკვიეთ და შეისწავლეთ, თუ როგორ “მოვიდა”ის ამ „აიფონ 12“-მდე,რა გზა გაიარა, რამდენი ნახა, რამდენი კეთილი საქმე გააკეთა, რამდენი გადაიღო, რამდენი ადამიანი გაანათლა და ამ ყველაფერს რომ კარგად გამოიკვლევთ… მერე ვინძლო, იქეთ ფულიც შეუგროვოთ, დიდი ვიდეოკამერაც უყიდოთ და ყველგანმავალი მანქანაც მოაყოლოთ, რომ უფრო მეტის ნახვა და გაკეთება შეძლოს… ისევ საქართველოსთვის და ისევ თქვენთვის… მხოლოდ კომპიუტერის კლავიატურებთან და მობილურის აპებში მოჩათავე “უმწიკვლო ქვისმსროლელო” საზოგადოებავ!!!!
პ.ს. და ბოლოს, აქ მოვნიშნავ იმ ჩემს კლასელებს, ვინც არიან უპირველესი მოწმეები ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებისა“.