ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებელი, სოპრანო თამარ ივერი კარანტინის დღეებს თბილისში, საკუთარ სახლში, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ატარებს. უვლის შვილებს, ცხოველებს, ვარჯიშობს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ვოკალშიც…
კარანტინის პირობებში როგორია თქვენი ერთი დღე?
თამარ ივერი:
დილას ვცდილობ ვივარჯიშო, მაქვს სარბენი ბილიკი და თხილამურები. შემდეგ ბავშვებთან ვარ და ვაჭმევ, ვახატინებ, ვართობ. დღეში ორ საათს მაინც ვავარჯიშებ ვოკალს. არა აქვს მნიშვნელობა, ერთი თვე არ მღერი თუ ორი წელი, ყოველდღიური ვარჯიში აუცილებელია. არ მინდა, ჩემი შემოქმედება დავივიწყო… მქონია პერიოდები, როცა ბავშვების თუ სხვა პირადი ამბის გამო, წლები არ მიმღერია, მაგრამ ყოველ დღე, ყოველ ორ დღეში ერთხელ მაინც ვმღერი. ეს არის ჩვენი სპორტი. ხვალ და ზეგ, როცა სცენაზე დაგიძახებენ, ფორმაში უნდა იყო.
რადგან ვარჯიშობთ, წონაში ხომ არ დაიკელით?
ქალს 35 წლის მერე აქვს წონაში მომატების უფრო დიდი საშიშროება. მით უმეტეს, ახლა სახლში ვსხედვართ და გვიყვარს ჭამა. მეც ვგრძნობ, რომ ცოტა მოვიმატე, რადგან რაც უნდა ივარჯიშო, ფიზიკური დატვირთვა ამ პერიოდში მაინც ნაკლებია. ახლა ჯდომითი რეჟიმი უფრო გვაქვს. საღამოს ოჯახი რომ შეიყრება და ივახშმებს, წონაზეც მოქმედებს. მე თან ისეთი ტიპი ვარ, რაღაცას რომ დავყნოსავ, უკვე ვსუქდები (იცინის). ასე ვიცი ხოლმე, ცოტა ხანს მოვდუნდები, თავს უფლებას მივცემ, ვისიამოვნო, მივირთვა, რაც მსურს და მერე დიეტებს მივმართავ. მაგალითად, ცხრა დღე მხოლოდ არაჟანზე ვარ ან 17–საათიან შუალედს ვიცავ ჭამასა და ჭამას შორის, სუხიშვილების დიეტისთვისაც მიმიმართავს. ერთიანად ვიკლებ წონაში.
ბევრი კულინარიული ექსპერიმენტებით იქცევს თავს, თქვენ?
ამ მხრივ მაინცდამაინც არ ვაქტიურობ. სახლში ჯდომის გამო ახალი რეცეპტების შექმნა არ მიცდია. სამზარეულო ჩემგან ცოტა შორს არის. ამ მხრივ ცოტა ცუდი გოგო ვარ (იღიმის).
გარეთ სეირნობთ ხოლმე?
დიდ დიღომში კერძო სახლში ვცხოვრობ. აქ ახლოს, სამწუხაროდ, სარეკრეაციო ზონა არ გვაქვს. მეზობლებთან ერთად რაგბის მოედანს წრეებს ვარტყამთ, ეს გახდა ხალხისთვის გამონათება. ასე ვირთობთ თავს. თუმცა იცით, რა არის? ყველაფერს აიტანს ადამიანი, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვირუსს გავრცელების მსოფლიო მასშტაბი აქვს, ყველაფერი გაჩერებულია და არ იცი, ხვალ და ზეგ რა იქნება. არ იცი, იმუშავებ თუ არა, გექნება თუ არა შემოსავალი. ადამიანებს ბუნდოვანი მომავლის განცდა აქვთ. ვისაც ფიქსირებული სამუშაო აქვს, მას შეიძლება, ნაკლები პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ ხელოვანებისთვის, ბიზნესმენებისთვის, თავისუფალი შემოქმედებისთვის, მათთვის, ვინც სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე იყო დამოკიდებული, დიდი გაურკვევლობა შეიქმნა. ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა…
კარანტინის დროს რას უყურებთ და კითხულობთ?
ამ კარანტინის დროს გამიტაცა ვირუსების თემამ. ვუყურებ დოკუმენტურ ვიდეოებს ვირუსების შესახებ, ვნახე ფილმი „ინფიცირება“. მესენჯერში ყოველდღე მიყრიან ახალ ამბებს, ვიდოებს, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი და ხელოვნურად დაგეგმილია, მიზანი კი დედამიწის მოსახლეობის შემცირებაა. გამოიგონებენ ვაქცინას, რომელიც არ უნდა გავიკეთოთ, რადგან მასში შეჰყავთ შხამი, რომელიც ერთ წელიწადში მოკლავს ადამიანს. უკვე ვეღარ გაარკვევ, სად ფეიქია, სად ნამდვილი ამბავია. ადამიანმა რომ ეს ყველაფერი გაიაზროს, შეიძლება, ბოლოს ფსიქიატრიულში აღმოჩნდეს. ყველას ვეხვეწები, ნუღა ჩამიგდებენ ასეთ ვიდეოებს, რადგან ისედაც დაზაფრულები ვართ.
რაც შეეხება კითხვას, ადრე თუ რომანები მაინტერესებდა, უფრო მეტად პოლიტიკურმა წიგნებმა გამიტაცა. ჩამივარდა ხელში დონალდ ტრამპის წიგნი „იფიქრე ჩემპიონივით“. ისეთი სათაური აქვს, რომ ძალიან დავინტერესდი, რა რჩევები აქვს მკითხველისთვის. ამ კაცმა ყველაფერი ნახა ცხოვრებაში, ლამაზი ქალები, ფული, მილიონები და ბოლოს პრეზიდენტობა…
ოჯახზე გკითხავთ, თუ შეიძლება… თქვენი დატვირთული გრაფიკის გამო ალბათ მეუღლესა და შვილებთან ამდენ დროს ვერ ატარებდით…
რა თქმა უნდა. ბავშვებს ვუყვები ზღაპრებს, ვახატინებ, უხარიათ, რომ დედიკომ ყვავილი დაუხატა და ცდილობენ, ისეთივე დახატონ… მეუღლე ხშირად გარეთ იყო, მეგობრებთან, ახლა, რასაკვირველია, შინაა. მიხარია ერთად ყოფნა. მყავს ბევრი ცხოველი, მათთვისაც მოვიცალე. ოთხი ფისო მყავს და ორი ძაღლი. ვატყობ, რომ ოჯახში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ბოლომდე სახლში რომ ვიჯდე, ის ტიპი არ ვარ. ოჯახი მიხარია პროფესიასა და საქმესთან ერთად. მხოლოდ ასე რომ გაგრძელდეს, რომ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სიჩუმე იყოს და მხოლოდ შინ ვიჯდე, შესაძლოა, გავგიჟდე. მიყვარს, ოჯახსა და პროფესიას 50–50%–იანი დატვირთვა რომ აქვს. ჩემი საქმით გავხდი ცნობილი და არა მხოლოდ სახლში ჯდომით და ბავშვებთან და ცხოველებთან თამაშით…
თქვენი პირადი ინტუიცია რას გეუბნებათ, როდის დადგებით კვლავ სცენაზე?
ძალიან მიხარია, რომ ოპერის თეატრი ჩემი მონაწილეობით სპექტაკლებს გადმოსცემს „ფეისბუქზე“. დიდი ხანია, კონცერტები არ ჩატარებულა, რომ საზოგადოების წინაშე საქართველოში გამოვსულიყავი. ვფიქრობ, სექტემბრამდე ასეთი სიტუაცია იქნება და შემდეგ შეიძლება დაიწყოს თემატური კონცერტები, ვირუსისგან დაზარალებული ოჯახების დახმარების ან სხვა მიზნით. ოქტომბერში არჩევნებიცაა და მგონია, რომ უფრო აქტიური პერიოდი დადგება.
მქონდა გეგმა, სექტემბერში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გამართვასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
პანდემია ასე უცებ არ დასრულდება და მალევე ვერ დავიწყებთ სრულფასოვან ცხოვრებას. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ხალხი მაინც სტრესში იქნება, მაინც არ ივლიან თეატრში, იქნება აკრძალვები, რომ პარტერში ერთმანეთის გვერდზე არ დასხდნენ. როგორ უნდა ჩატარდეს პატარა დარბაზში რეპეტიცია 60–კაციან გუნდთან ან ორკესტრთან ერთად? ვფიქრობ, რეკომენდაციები იმოქმედებს თეატრების მუშაობაზე. პუბლიკასაც შესაძლოა, არ ჰქონდეს იმისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ სპექტაკლებს დაესწროს.
ვიღაც მწერდა, ქალბატონო თამარ, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ჩვენ თქვენს ნაკლებობას მაინც არ განვიცდით, რადგან „იუთუბზე“ გისმენთო. სამწუხაროა, რომ ხელოვანს ეს პურს არ აჭმევს (იღიმის). მეორე მხრივ, იჩქარო და უარეს სიტუაციაში ჩაიგდო თავი, ესეც არ ვარგა. ჯობს, მოვიცადოთ და უსაფრთხო გარემოში გავაგრძელოთ საქმიანობა.
ნინო მურღულია