LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეფისა და დავით სოსლანის ისტორია თეატრალურ სცენაზე გაცოცხლდა

135
news453

გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, მე-12 საუკუნის დინასტიური ქორწინების, სიყვარულის, შუღლისა და შერიგების ამბავი თეატრალურ სცენაზე გაცოცხლდა.

თამარ მეფისა და დავით სოსლანის კავშირი ქართულ-ოსური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სიმბოლოა. 25 ნოემბერს, ამ დინასტიური ქორწინების ამბავი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ხანის ფონზე ვითარდებოდა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე გაცოცხლდა.

თეატრალური ტექსტის ადაპტირება ნინო პოპიაშვილს, ხოლო რეჟისურა თამარ ხიზანიშვილს ეკუთვნის. პროექტის განხორციელებაზე იზრუნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიური მოზაიკა“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

სპეკტაკლში მონაწილეობენ ეთნიკურად ქართველი და ოსი მსახიობები – თინათინ კობალაძე, მანანა ცინცაძე, ლილი ხურითი, ნანა ხურითი, ვაჟა ფუხაევი, ვიქტორია იუსოევა და მეგი თედეევა. მუსიკალურ გაფორმება ეთნიკურად ქართველ და ოს კომპოზიტორებს ეკუთვნის, ხოლო ტექსტში გამოყენებულია ციტატები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და ოსურ ენებზე.

სპეკტაკლში დიდი ადგილი ეთმობა ქალების როლს იმდროინდელი სამყაროს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დიპლომატიურ სამსახურში. მაგალითად, მოთხრობილია ხუაშაქ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის ამბავი – თამარ მეფის ცნობილი დესპანი ქალების, რომლებმაც მეამბოხე თავადთან წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოეს.

„მე-12 საუკუნე ცნობილია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ხანა და „ქართული რენესანსი“. სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში, ქართველებისა და ოსების ურთიერთობა განსაკუთრებით მჭიდრო იყო, რასაც რამდენიმე დინასტიური ქორწინება მოწმობს. ამ ღირსშესანიშნავი ამბების გაცოცხლება მნიშვნელოვანია იმ ისტორიული კავშირების გასახსენებლად, რომლებიც კავკასიაში ყოველთვის არსებობდა“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

2018 წელს, „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მხარდაჭერით, უძველესი კავკასიური ეპოსის, „ნართების თქმულებების“, თეატრალური ადაპტაცია შეიქმნა. წარმოდგენას წინ უძღოდა „ნართების თქმულებების“ ბავშვებისთვის ადაპტირებული ილუსტრირებული ვერსიის გამოცემა ქართულ და ოსურ ენებზე. „თამარ მეფე და დავით სოსლანი“ აგრძელებს ამ თეატრალური ადაპტაციების რიგს, რომლებიც ქართველებისა და ოსების დაახლოებას, კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობას ემსახურება.

ევროკავშირი (EU), ბრიტანეთის მთავრობა და UNDP მხარს უჭერენ ამ ინიციატივებს მათი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით გამიჯნულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. ამ დახმარების მეშვეობით, 2010 წლიდან, 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანად გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საქმეში და ხელი შეუწყო ამ მხრივ ახალი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g