LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ქვარცხავა: „ომიკრონს“ „დელტაზე“ სწრაფი გადაცემა ახასიათებს, დიდი შანსია, ყველას შეხვდეს…“

903
omicron

ექიმი-ეპიდემიოლოგი, თამარ ქვარცხავა სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შტამის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ შემდეგი კვირა იქნება მნიშვნელოვანი მოვლენათა ეპიცენტრიდან სიახლეების მიღების თვალსაზრისით:

„Omicron – ყოველი შემდეგი კვირა იქნება ახალი და ემოციური მოლოდინი მონაცემების, განსაკუთრებით მოვლენათა ეპიცენტრიდან. გამოცდილ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უწყვეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის!

4 დეკემბრის მონაცემებით ასეთი სურათი იკვეთება:

– სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ პანიკის საფუძველს არ იძლევა.

– „ომიკრონს“ „დელტა“ ვარიანტზე მნიშვნელოვნად სწრაფი ტრანსმისია (გადაცემა) ახასიათებს, რომელიც ექსპონენციალურად მატულობს. დიდი შანსია, ყველას შეხვდეს, ამიტომ აცრა ისევ კრიტიკულია.

– უფრო ხშირია ახალგაზრდებში. შემთხვევების 80% 50 წლამდე პოპულაციაში გვხვდება. „ომიკრონით“ ინფიცირებულთა შორის 19% 0-9 წლამდე ბავშვია.

– რეინფიცირება (განმეორებითი) ხშირია გადატანილებში. გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ აფრიკაში კოვიდი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანა. სრულად აცრილია მოსახლეობის 42.7%

– მიუხედავად „ომიკრონის“ კოლოსალური სიჩქარით გავრცელებისა, მძიმე კლინიკა და გართულებები არ იკვეთება. კლინიკური პრეზენტაცია სრულიად განსხვავდება წინა ვარიანტებისგან. უფრო ხშირად მიმდინარეობს მსუბუქი სიმპტომატიკით. მეტად იკვეთება დაღლა, თავის და ტანის ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ყელში ფხაჭნის/შეშუპების შეგრძნება და სურდო. ნაკლებად ახასიათებს პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.

– ახალი შეჯამება გუშინ გამოქვეყნდა „ომიკრონის“ გლობალური ეპიცენტრიდან – სამხრეთ აფრიკის ჩრდილო Gauteng-ის პროვინციის, Tshwane-ის მუნიციპალური ჰოსპიტლიდან, რომელიც ქალაქ Pretoria-ის ნაწილია 2.7 მილიონი მოსახლეობით. დღეში ომიკრონის 10,000 დადასტურებული შემთხვევა აქვთ. რეალურად ეს ციფრი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს (10-15 ჯერ). ახლა რას ვხედავთ ასეთი გავრცელების ფონზე? ზოგადად, ჰოსპიტალიზაციამ კი მოიმატა, მაგრამ ამ ზომის პოპულაციის და ასეთი მასშტაბის გავრცელებისთვის უცნაურად დაბალია კოვიდ-ინფიცირების მიზეზით ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობას შემთხვევით დაუდგინეს კოვიდი. ისინი კოვიდის გამო არ მოხვედრილან ჰოსპიტალში, არამედ სხვადასხვა მიზეზით  (ქირურგიული, გინეკოლოგიური, და ა. შ.). მათ 70%-ს ჟანგბადის მიწოდება არ დაჭირვებია. სატურაცია ნორმალური აქვთ პალატის ჰაერის სუნთქვის ფონზე. სუნთქავენ ნორმალურად. შეგახსენებთ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, თუ პაციენტს ჟანგბადი არ სჭირდება, მას სახლში მკურნალობენ. წინა ტალღების დროს მსგავსი არაფერი გვინახავს. ამ პროვინციის რამდენიმე სხვა ჰოსპიტალშიც მსგავსი სურათი იკვეთება.

– ახლა რაც შეეხება „ომიკრონს“ აცრილებში: ჰოსპიტალში ერთადერთი პაციენტი მოათავსეს,  რომელიც 2 დოზით არის აცრილი და რომელსაც ჟანგბადით მკურნალობენ. მას ანამნეზში პანდემიამდე ქრონიკული ობსტრუქციული რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადება აღენიშნებოდა.

– რას შეიძლება, ეს ყველაფერი ნიშნავდეს? დიდი ალბათობით საშუალოდ 2 თვეში „ომიკრონი“ გლობალურად დომინანტური ვარიანტი გახდება. შესაძლოა, გადაფაროს ყველა სხვა (განსაკუთრებით დელტა). ვირუსის ევოლუციის და მრავლობითი მუტაციის შედეგად შანსი არის, მივიღოთ ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც მეტი გადაიტანს, მაგრამ გადაიტანს უფრო მსუბუქად. შესაბამისად, ნაკლები იქნება გართულებები, სისხლში ჟანგბადის სატურაციის კლება, ფილტვის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება, წამება და ფატალური გამოსავალი. ნაკლები წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემებზე. თუ ასე მოხდა, საუკეთესო სცენარს მივიღებთ და პანდემიის დასასრულსაც ვნახავთ…

– ეს არის მხოლოდ აღწერილობითი ტიპის სტატია და რა თქმა უნდა მეტი კვლევაა საჭირო სტატისტიკურად ღირებული დასკვნების და მათი გენერალიზების/განზოგადებისთვის.

– ვამატებ: ჯერ არ ვიცით, როგორი სიმძიმით წავა „ომიკრონი“ იმ პოპულაციაში, რომელსაც იმუნიტეტი საერთოდ არ გააჩნია, არც აცრილა და არც არასოდეს დაინფიცირებულა. ამიტომ აიცერით, სანამ თქვენამდე მოუღწევია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები