”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობას უნდა გააჩნდეს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამა, რაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული არ არის. ალიანსის ინფორმაციით, ეს საკითხი მხოლოდ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ინტეგრირებული და მისი დაფინანსება მიზერულია.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისთვის, რომელიც ექვს კომპონენტს, მათ შორის თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამას მოიცავს, სულ რაღაც 300 000 ლარია გამოყოფილი. აქედან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსასრულებლად საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროგრამისთვის და კანონის აღსრულების მონიტორინგისათვის მხოლოდ 180 000 ლარის გამოყოფაა ნავარაუდები. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ შეუძლებელია კანონის სრულფასოვნად აღსრულებისთვის მომზადება და მისი რეალურად განხორციელება. თუ დაცული მუხლებით გარანტირებული შესაბამისი რესურსები არ იქნება, სრულფასოვანი საინფორმაცო-საკომუნიკაციო კამპანიისა და მონიტორინგის განსახორციელებლად მხოლოდ ჯანდაცვის სისტემიდან, ექსპერტული გათვლებით, სულ მცირე ერთი მილიონი ლარია საჭირო”, – აცხადებს “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.
ალიანსი მოითხოვს, ცალკე თამბაქოს კონტოლის სახელმწიფო პროგრამის დაცული მუხლით არსებობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი რეგულაციების აღსრულების ხელშესაწყობად რეალური დაფინანსების გამოყოფას. ალიანსი აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების გაზდრით ასეულ მილიონობით დამატებითი შემოსავლებია ბიუჯეტში, თამბაქოს ზიანის შესამცირებლად კი ფაქტობრივად არაფერი იხარჯება.