თამო ვაშალომიძე თავის ბოლოდროინდელ წარმატებებზე ჟურნალ „სარკეს“ (17 სექტემბრის ნომერი) ესაუბრება და აღნიშნავს, რომ სურს, ყველაფერი, რასაც აკეთებს, მისი მსგავსი გოგონებისთვის სტიმული გახდეს:
„რამდენი გოგო არსებობს ჩემნაირად, რომელიც სოფელში ზის და ოცნებობს სულ სხვა მომავალზე. მინდა, ჩემი ცხოვრებით სხვებისთვის ვიყო პატარა სტიმული და იმედი, რომ თუ იშრომებ შენი მიზნების განხორციელებისთვის, ეს შესაძლებელია.
პირველ რიგში, უნდა გაიაზრონ, რომ შეუსრულებელი ოცნებები არ არსებობს, მაგრამ ამასაც უნდა შეეგუონ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი სირთულე შეხვდებათ. ადვილი არ არის ეს გზა, რადგან მეც გამოვიარე ბევრი ტკივილი, გულისტკენა, ღალატი…
როდესაც გადავწყვიტე, საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავი, ძალიან ბევრს ვკითხე, როგორ უნდა მივსულიყავი იქამდე. იმ ადამიანებს ვკითხე, რომლებმაც კარგად იცოდნენ გზები კანში მოსახვედრად, მაგრამ მათგან იცით, როგორ პასუხებს ვიღებდი? არ მცალია შენთვის, შენ იქ ვერასდროს მოხვდები, ან უბრალოდ, ქუჩაში დადექი, რომ ვინმე ფოტოგრაფმა შეგამჩნიოსო…
გამორთული მაქვს ის მომენტი, რომ ვინმეს რამეში ვეჯიბრები. იმას არ ვამბობ, ვინმეზე მეტი ან ნაკლები ვარ, მაგრამ მე ვარ ჩემი ხედვებით და მოთხოვნებით.