პირი, რომელიც ტურისტებს, ექსკურსანტებს ახლავს და მათ ქალაქის ან მხარის ღირსშესანიშნაობებს აჩვენებს – უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეა განმარტებული გიდის მნიშვნელობა, თუმცა, თუ ლაშა გასვიანის მსგავსი პიროვნება გაგიწევთ საქართველოს დედაქალაქსა თუ ქვეყნის მასშტაბით მეგზურობას, დარწმუნდებით, რომ გიდი მხოლოდ ის ადამიანი კი არ არის, რომელიც ტურისტებს გზას უჩვენებს – იგი კულტურის, ისტორიისა და ლოკალური მემკვიდრეობის ცოცხალი მატარებელია. გიდის როლი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა – კარგი გიდი ხიდებს აგებს სტუმრებსა და მასპინძელ კულტურას შორის და თითოეულ ვიზიტს უნიკალურ მოგონებად აქცევს. თანამედროვე ტურიზმში გიდის პროფესია მუდმივად ვითარდება, ხოლო მისი გავლენა როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ დონეზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ლაშა გასვიანი, მკვლევარი, სერტიფიცირებული გიდი:
– გიდის საქმიანობასთან ჩემი პირველი შეხება ერთი ძალიან ცნობილი ავსტრიული ოჯახის წარმომადგენლის, ცნობილი საშობაო სიმღერის „წყნარი ღამე, წმინდა ღამე“ (Stille Nacht, heilige Nacht) ავტორის, ფრანც გრუბერის შვილიშვილის თბილისში სტუმრობას უკავშირდება. 2005, თუ 2006 წელი იყო. ჩემმა ავსტრიელმა მეგობარმა მთხოვა, ამ პიროვნებისთვის თბილისის ძველ უბნებში გამეწია მეგზურობა. მაშინ საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ოდესმე გიდი გავხდებოდი, მაგრამ იმ ადამიანის ემოციებიდან გამომდინარე, გიდობის გაწევის პროცესით მოვიხიბლე – როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ისტორია და კულტურა სხვა ქვეყნის, თან ცნობილი ოჯახის წარმომადგენელს ისე გააცნო, რომ მისთვის მოგზაურობა დაუვიწყარი გახდეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომიწია უცხოელი მეგობრებისთვის ექსკურსიამძღოლობა (მაშინ ასე უწოდებდნენ ამ საქმიანობას), მაგრამ ბოლო პერიოდში მომხდარმა რამდენიმე მოვლენამ სერიოზულად დამაფიქრა ამ სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვისკენ. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა იყო ასეთი, რომ სრულიად შემთხვევით მოვისმინე ერთ-ერთი გიდის საუბარი ტურისტებთან იმის თაობაზე, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ რუსულად სტალინმა თარგმნა. ასეთი მცდარი ინფორმაციის მიწოდებამ ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია და გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის, რისთვისაც საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციაში გავწევრიანდი. ასოციაციაში ტარდება გიდების მოსამზადებელი ძალიან კარგი პროფესიული ტრენინგ კურსი, რომელიც თვენახევარი გრძელდება (ასოციაციის პრეზიდენტი ამჟამად გახლავთ ელზა ბებია, ასევე ძალიან ცნობილი გიდი). ჩავაბარე ხუთი საკმაოდ რთული გამოცდა, კერძოდ: როგორ მოვუყვეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და როგორ ვაჩვენოთ მატერიალურ-კულტურული ძეგლები უცხოელებს სატრანსპორტო ტურის დროს; როგორ გავაცნოთ უკეთ ქალაქი და ქვეყანა სტუმრებს საფეხმავლო ტურის დროს; რა სპეციფიკა აქვს სამუზეუმო სივრცეში ტურის ჩატარებას; შემდეგ იყო ტესტირება საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესახებ (100 კითხვიანი ტესტი იყო) და ბოლოს უნდა დაგვეწერა ეკონომიკურ-ფინანსური გეგმა, ანუ როდესაც სტუმრების ჯგუფი გვყავს ჩაბარებული, სად უნდა მივიყვანოთ, რა უნდა ვაჩვენოთ, რა ხარჯთაღრიცხვასთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული.
– გარდა იმისა, რომ ტურისტმა გიდისგან საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ სწორი ინფორმაცია უნდა მიიღოს, კიდევ რა შედის გიდის მოვალეობებში?
– ტურისტის უსაფრთხოება არის ამოსავალი წერტილი – ტურის მონაწილეს თმის ღერიც არ უნდა ჩამოვარდეს თავიდან. ტურის დაგეგმვისას გიდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, მაგალითად, თბილისში ხშირად წარმოებს სამშენებლო სამუშაოები, ზოგიერთ უბანში გზის საფარია დაზიანებული (რის გამოც სტუმრებს არაერთხელ გადაუბრუნებიათ ფეხი და კოჭი დაუზიანებიათ), რომ ძველ თბილისურ ეზოებში შეიძლება დახვდეთ ძაღლი (იყო შემთხვევა, როცა ასეთ ეზოებში ძაღლებმა სტუმრები დაკბინეს). გიდი უნდა შევიდეს ყველგან პირველი იმაში დასარწმუნებლად, რომ მის ჯგუფს საფრთხე არ ემუქრება. გიდმა ასევე უნდა იცოდეს, რომ თუ ტურის მონაწილე ცუდად გახდა, თვითნებურად არ მიაწოდოს მედიკამენტი, რადგან მას, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ასევე არსებობს ტაბუირებული თემები, რომლებსაც გიდები არ ვეხებით ტურის დროს, ესენია: რელიგია, პოლიტიკა და სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. თუ, მაგალითად, წაწლობის ინსტიტუტს ვუხსნით ფშავში, იქ, რა თქმა უნდა, შევეხებით ამ თემას, მაგრამ, ზოგადად, გიდი ასეთ თემებზე საუბრის ინიციატივას არ იჩენს. გიდმა ასევე მოთმინება უნდა გამოიჩინოს აბეზარი სტუმრის მიმართ. ინსტრუქციის მიხედვით, მას სამი წუთი უნდა აცადო, რომ დაიცალოს სათქმელისა და ემოციისგან და ამის შემდეგ უნდა გააგრძელო ტური.
– რა გამოწვევებს აწყდებით გიდები ტურების დროს, მიღმა უსაფრთხოების ნორმების დაცვისა?
– ძირითადად, ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. საქართველოში გადაადგილებისას ყველაზე მეტად შესამჩნევია სველი წერტილების გაუმართაობა ან საერთოდ უქონლობა. პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც ფასანაურიდან თბილისში ვბრუნდებოდით და ტურის ერთ-ერთი მონაწილე გზაში შეუძლოდ გაგვიხდა, დასჭირდა საპირფარეშოს გამოყენება, რომელიც გზად არსად შეგვხვდა, ერთ-ერთ რესტორანში კი კატეგორიული უარი განგვიცხადეს მათი სველი წერტილის გამოყენებაზე… ასევე მნიშვნელოვანია ფასების საკითხი. გიდმა არასდროს არ უნდა მოატყუოს სტუმარი, ხელოვნურად არ უნდა გაუზარდოს ტურის საფასური, რადგან დღეს გადამოწმების ბევრი ბერკეტი არსებობს.
– ვინ არეგულირებს საფასო პოლიტიკას?
– გიდების მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციას აქვს გარკვეული სტანდარტი. ტურის საფასური მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ითვლება – მოიცავს თუ არა ის აღმართ-დაღმართებზე სიარულს, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურულ შენობა-ნაგებობაში ვიზიტს, საჭიროა თუ არა გიდის მთელი დღის მანძილზე მომსახურება და ა.შ. სერტიფიცირებული გიდის მომსახურების სტანდარტი დღეში 200-250 ლარს შეადგენს.
– ლაშა, რატომ ღელავენ ქართველი გიდები უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით, რა ტიპის გამოწვევაა ეს თქვენთვის? აქვე ვახსენოთ, რომ 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა განსაზღვროს იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
– ეს რეგულაცია უნდა იყოს ქართველი გიდების მხარდამჭერი მოქმედება და მან მხოლოდ უნდა გაუზარდოს ქართველ გიდებს კონკურენცია უცხოენოვან გიდებთან მიმართებით. კანონის წინაშე ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ გიდი უნდა იყოს სერტიფიცირებული, განათლებული და საქართველოში ამ საქმიანობისთვის კარგად მომზადებული. სწორედ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მიჭირს, უცხოელ გიდებს გიდები ვუწოდო. განსაკუთრებით სცოდავენ რუსულენოვანი, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული გიდები, რომლებიც ტურის მონაწილეებს ხშირად მცდარ და ზოგჯერ გაშარჟებული ფორმით აწვდიან ინფორმაციას, მაგალითად, პირველი ჩახოხბილი მომზადდა ვახტანგ გორგასლის მიერ, რასაც თან სდევს სიცილ-ხარხარი და არასერიოზული დამოკიდებულება ქალაქის, თუ ქვეყნის ისტორიის მიმართ. თუ კანონით პრიორიტეტი მიენიჭებათ ქართულენოვან, საქართველოში მომზადებულ კადრებს, ეს დაიცავდა ადგილობრივ გიდებს არაჯანსაღი კონკურენციისგან.
– და ბოლოს, რომელი ქვეყნის ტურისტები გამოხატავენ ტურებში მონაწილებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს?
– ბოლო პერიოდში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მაინც მათ დავასახელებდი. მაგალითად, ერთი თვის წინ ბელგიელი არქიტექტორების ჯგუფი მყავდა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ არტ-ნუვოსა და საბჭოთა მოდერნიზმის შენობების თანაარსებობით თბილისში. ეს იყო ძალიან სპეციფიკური, მაგრამ უაღრესად საინტერესო ტური. სტუმრები განსაკუთრებულად ვიქტორ ჯორბენაძის რიტუალების სასახლის კონცეფციით აღფრთოვანდნენ, ზოგადად კი აღნიშნეს, რომ იშვიათია თბილისის მსგავსი ქალაქები, სადაც რამდენიმე არქიტექტურული მიმდინარეობის შენობები თანაარსებობენ.