LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანასწორუფლებიანობა, ჰომოფობია, ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე – ომბუდსმენის ანგარიშში „ლგბტ+“ თემის პრობლემებზეც არის საუბარი

139
ლგბტ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებული ძირითადი დაბრკოლებებია მიმოხილული, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ ადამიანები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა.

ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში წერია, რომ ლგბტ+ თემის წევრები საანგარიშო პერიოდშიც აწყდებოდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს ლგბტ+ თემის წევრების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შემცირდა, რამაც ამ კუთხით არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„მაშინ, როდესაც აქტივისტები წლების განმავლობაში იბრძვიან უსაფრთხოდ შეკრებისათვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად, 2020 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ონლაინ ფორმატში ჩატარდა. 79 ლგბტ+ ადამიანების სოციალური უფლებების მასობრივი შელახვის ფონზე, წელს პრობლემური იყო პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსგენდერი ადამიანისთვის სათანადო ჰორმონული მკურნალობის უწყვეტად გაგრძელების და ლგბტ+ თემისთვის საბინაო სფეროში შექმნილი დაბრკოლებები“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევები

 

ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თემი მოკლებული იყო საჯარო შეკრების შესაძლებლობას, კვლავ თვალშისაცემი იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხე და აგრესიის დემონსტრირება.

მთელი წლის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმართ სხვადასხვა სახის სამართალდარღვევებს. პროცესს სათავე დაედო 2020 წლის 1 ივნისს, როდესაც ოფისის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა და მონაწილეებმა შენობიდან ლგბტ+ თემის დროშის ჩამოხსნამდე, ყოველდღიური შეკრებები დააანონსეს. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შენობას და მასზე გამოფენილ დროშას საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.

„თბილისი პრაიდის“ მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოვლინდა, მათ შორის: ორგანიზაციის თანამშრომლების მიმართ ჰომოფობიურ შეძახილებში, რასაც თან ახლდა ყვირილი, გინება და სხვა უხამსი და ძალადობის მუქარის შემცველი გამონათქვამები, ასევე, ოფისის აივნიდან ლგბტ+ თემატიკის დროშის ჩამოხსნაში.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს პოლიციის უმოქმედობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რის გამოც, თანამშრომლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 26 მაისს, გამოძიება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე; 2020 წლის 7 ივნისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის და ამავე ოფისის კედლის შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე ოთხი პირი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად; 2020 წლის 21-22 ივლისს, ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრისა და შენობის სადარბაზოში კვერცხების სროლის ფაქტებზე სავარაუდო სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები; სამართალდარღვევის ოქმი შედგა, აგრეთვე, 2020 წლის 3 აგვისტოს ოფისის აივანზე გადმოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრის ფაქტზე; 2020 წლის 24 სექტემბერს, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ ოფისის შენობისთვის მუქი ფერის საღებავების სროლის შემთხვევაზე; ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს 2020 წლის 20 სექტემბერს ოფისის სადარბაზოს მიმართულებით კვერცხების სროლის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყოველთვის, როცა „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ნებისმიერი სახის პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან პოლიციის თანამშრომლები, პატრულირების გზით, გაძლიერებულად იცავენ მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას. ამის მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფაქტების თავიდან არიდება ვერ მოხერხდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ანტიდემოკრატიული მოძრაობების გაძლიერების მიზეზებისა და ჰომოფობიის პოლიტიკური და სოციალური ეფექტის სათანადო ანალიზისა და უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობის აუცილებლობაზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ტრანსგენდერი პატიმრის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე

 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ტრანსგენდერ პირთა საჭიროებების განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხი. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით სარგებლობის დისკრიმინაციულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველს მიმართეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში განთავსებულ ტრანსგენდერ პირს, რომელსაც სქესის ტრანზიციის პროცესში მუდმივად ესაჭიროება ჰორმონული მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი განუცხადა მედიკამენტების მიწოდებაზე. მას ასევე ეთქვა უარი ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უარის საფუძვლად დაასახელა, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, ასევე ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ დოკუმენტში.

ანგარიშში წერია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული, მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. „ტრანსექსუალი, ტრანსგენდერი და არაკონფორმული გენდერის პირებისთვის სამედიცინო დახმარების სტანდარტების (SOC)“ თანახმად, ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულ (მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) გარემოში ცხოვრობენ, იმ მომსახურების იდენტური უნდა იყოს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა იმავე საზოგადოებასა და არაინსტიტუციონალიზებულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ. პირებს, რომლებიც ინსტიტუციებში უკვე დანიშნული ჰორმონული თერაპიის სათანადო სქემით ხვდებიან, იგივე ან მსგავსი თერაპია უნდა გაუგრძელდეთ. მოცემულ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმამ კი, უგულებელყო განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები. შესაბამისად, სახალხო დამცველმა, გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა გაატაროს სათანადო ღონისძიებები განმცხადებლისთვის როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე ჰორმონული მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.

საბინაო სფეროში ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია

 

ომბუდსმენის განცხადებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო ლგბტ+ პირთა მიმართ მოპყრობა საბინაო სფეროში. რიგ შემთხვევებში, კერძო პირები უარს ამბობდნენ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისთვის საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრების გავლენით და არა რაციონალური გარემოების გამო. ამგვარი დაბრკოლებები თემის წევრებს წინა წლებშიც ექმნებოდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსსა თუ სამუშაოზე წვდომა გართულებულია. ამ გამოწვევების კომბინაცია ლგბტ+ თემის წევრებს საბინაო სფეროში მძაფრი პრობლემის წინაშე აყენებს. მაგალითად, როგორც საერთაშორისო გამოცდილებები მიუთითებს, ყოველი ხუთიდან ერთი ტრანსგენდერი ადამიანი მაინც ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი საბინაო სფეროში. აღსანიშნავია ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა 13 პროცენტი, ბინის ყიდვისას ან ქირავნობისას დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა. უშუალოდ ტრანსგენდერ ადამიანებს შორის მაჩვენებელი 17 პროცენტია. გარდა ამისა, როგორც კვლევა მიუთითებს, ლგბტ+ თემის წარმომადგენელს 120-ჯერ მეტი რისკი აქვს, რომ უსახლკარო გახდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა წევრმა გაიაზროს, რომ თანასწორობის პრინციპის დაცვას კანონი ნებისმიერ კერძოსამართლებრივ სფეროსთან მიმართებით მოითხოვს, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

პოპულალურები