თბილისში ტაქსების ლიცენზირების საკითხზე დედაქალაქის მერიაში უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. თუმცა კონკრეტული დრო, როდის დაიწყება ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ეს მოკლევადიანი პროექტი არ არის და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.
“ყველა თბილისელის სურვილია, რომ ეს სფერო დარეგულირდეს. ტაქსების ლიცენზირების თემაზე მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მიდის კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რადგან ეს საკითხი აქამდე ასე მწვავედ არ დამდგარა, მაგრამ ეს პროცესი დროში საკმაოდ გაწელილია და მოკლევადიანი პროექტი არ არის. როგორი უნდა იყოს ლიცენზირება – იქნება ეს ტექდათვალიერება, გარკვეულ წელს გამოშვებული მანქანების აკრძალვა თუ სხვა, ამაზე მიდის მუშაობა.
ჯერ მოსამზადებელი ეტაპია და როდის დასრულდება, ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი იზრდება და ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას, მერიამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის“.