იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყოველწლიურად ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ქუჩებში გადაადგილებაც ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია სანაპიროზე, აღმაშენებელზე, დადიანის ქუჩაზე და სხვა… პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერია აქტიურად მუშაობს. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიგოთ რა აწუხებთ ქართველ მძღოლებს და ვეცდებით პერმანენტულად შემოგთავაზოთ მათი აზრი ქვეყანაში შექმნილ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებით.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ტაქსის მძღოლი გახლავთ, სახელად გოგა. სანამ უშუალოდ ინტერვიუს დეტალებზე გადავიდოდეთ, მინდა ავღნიშნო, რომ ქალაქში იშვიათად შეხვდებით ისეთ სუფთა და მოვლივ ტაქსს, როგორიც მას ყავს. აშკარად გამიმართლა…
გოგა, ავტომობილის მართვის დროს, ყველაზე მეტად რა გიქმნის დისკომფორტს?
პირველ რიგში ალბათ არასწორ მანევრირებას გამოვყოფდი. შუქნიშნიდან შუქნიშნამდე ისე სწრაფად ჩაიქროლებენ ხოლმე, დამუხრუჭებასაც ძლივს ვასწრებ, რომ არ “დავარტყა”. ასეთი სიარული არ შეიძლება, პირველ რიგში ასე ავტომობილს აფუჭებ…(იღიმის) მიგორდი რა ნელა შე კაი ადამიანო, მაინც ვერ ასცდები შუქნიშანს, ვერც იმ საცობს “გადააფრინდები” რომელიც შუქნიშანზეა. მერე კიდევ, მარტო შენ ხომ არ მოძრაობ ამ დალოცვილ ქალაქში, შენს გარდა უამრავი ადამიანია. თან, მძღოლების უმეტესობას ვერ გადაუწყვეტია, სად როგორ უნდა შეუხვიოს, ან უნდა შეუხვიოს თუ არა, რამდენჯერ მქონია შემთხვევა, მარცხენა მაშუქი ქონდა ჩართული და მარჯვნივ მოუხვია, რითაც არამარტო მოძრაობის წესები დაარღვია, არამედ საფრთხეში ჩააგდო სხვა მძღოლიც. თან, უმეტესობა “პროსტა” დაკატაობს, არაფერი საქმე არ აქვთ და დადიან ისე, სასხვათაშორისოდ. ისედაც რამდენი ავტომობილია და ეს მოსეირნე “სასტავი” საერთოდ აუტანელია. იარე მეტროთი, ავტობუსით ან მარშუტკით, ხალხი ავტომობილით სამსახურში ვერ მიდის ამ გადათხრილი გზების და საცობების გამო და პლუს ამას, შენ ემატები, რომელიც საერთოდ “პრიჩომ” დადიხარ.
თან ეს მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ალბათ შენთვის მიუღებელია არა?
სხვათა შორის, არა. სახლში “ფიტი” მყავს, რომლითაც ვტაქსაობდი ხოლმე, უბრალოდ თავისი მინუსები მარჯვენა საჭიანსაც აქვს. აი მაგალითად: მგზავრს რომ გავუჩერებ ხოლმე, ფაქტიურად გზას უნდა მოუაროს და ისე ჩაჯდეს, ეს დამატებით დისკომფორტს ქმნის, გეშინია ვინმემ არ დაარტყას. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიან ავტომობილში გიჭირს სარკეების კონტროლი, შენგან მარცხნივ სარკეში გახედვა რომ გინდა, თავი უნდა მოაბრუნო, სხვანაირად ვერ დაინახავ სარკეს. ესეც დამატებითი დისკომფორტია, თუმცა, საერთო ჯამში, როგორც ასეთი, რომ მათი წინააღმდეგი ვიყო არა, ძალიან მომწონს, უბრალოდ ქალაქის მოწყობა მეტ საშუალებას არ იძლევა.
რამდენიმე დღის წინ მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქუჩა ფასიანი შეიძლება გახდეს, ამაზე რას იტყვი?
პირველად მესმის, თუმცა რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ცუდი არ იქნება. უცხოეთშიც არის მსგავსი ქუჩები და საკმაოდ წარმატებულადაც.
ხომ არ თვლი, რომ ამას მხოლოდ ფულის გასაკეთებლად აკეთებენ?
არა არა, გამორიცხულია… (პაუზა) მსგავსი ტიპის რეგულაციას თუ შემოიღებენ, ძალიან კარგი იქნება, ოღონდ რა თქმა უნდა ქუჩაზე გავლის საფასური, მაქსიმუმ 2 ლარი უნდა იყოს.
და ბოლოს, როგორ გგონია, რა მისცემს ქალაქს “ამოსუნთქვის” საშუალებას?
პირველ რიგში, კარგი იქნება თუ შემოიღებენ მართვის მოწმობის გამახანგრძლივებელ ტესტებს. ნახევარზე მეტს და მითუმეტეს ძველი თაობის მძღოლებს, გადამზადება და ტესტების ახლიდან ჩაბარება ნამდვილად სჭირდება. მეორე რიგში, თუკი ტექდათვალიერების კანონს შემოიღებენ, ქალაქი ნამდვილად ამოისუნთქებს და პლუს ამას, ეკოლოგიური პრობლემებიც შემცირდება. აგრეთვე კარგი იქნება, თუ შემცირდება ავტომობილების იმპორტი, ოღონდ რა თქმა უნდა ისიც გონივრულ ფარგლებში. ანუ ვგულისხმობ, რომ მარტო მარჯვენა საჭიანებზე კი არ უნდა დაწესდეს შეზღუდვა, არამედ ქვეყნის მთლიან იმპორტზე. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ამ დალოცვილ ქვეყანაში ვინმე აი ამ “შუმახერებს” ( მანიშნებს ყვითელ მიკროავტობუსზე, რომელმაც რაღაც საოცრად ჩაგვიჭრა მოძრაობა მესამე ზოლიდან და გააჩერა) ყურადღებას მიაქცევს და ასწავლის როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში.